არ გვაქვს დრო, ვუყუროთ როგორ კვდება ნელი სიკვდილით მიხეილ სააკაშვილი - ნიკა მელია

25 აპრილი 2022, 21:44 1132 ნახვა

არ გვაქვს დრო, ვუყუროთ, როგორ კვდება მიხეილ სააკაშვილი ნელი სიკვდილით - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან განაცხადა.

"მინდა მივმართო ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო მეგობრებსა და პარტნიორებს, რომ გადაიდგას მათი მხრიდან ძალიან აქტიური ნაბიჯები მთავრობასთან და პრეზიდენტ ზურაბიშვილთან კომუნიკაციით, რომ ჩვენი ერის მისწრაფება ევროპული და დასავლური არ დარჩეს მისწრაფებად და იგი იქცეს რეალობად. ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ხორციელდება ეს ბოროტი, წინასწარ განზრახული ქმედებები და იდგმება ნაბიჯები, რომელიც გულისხმობს წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, ეს ნაბიჯები არ ანადგურებს მხოლოდ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, არამედ ანადგურებს ამ ქვეყნის დასავლურ, კეთილ და ნათელ მომავალს.

მინდა, ვთხოვო საერთაშორისო პარტნიორებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ, რომ ქვეყანა არ ასცდეს იმ ფუნდამენტურად, ეგზისტენციალურად მნიშვნელოვან გეზს. ასე ინება განგებამ, დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი სიცოცხლე და ჩვენი ევროპული და დასავლური მომავალი მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, მოვისმინეთ არერთი განცხადება ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრების, მეუფე ნიკოლოზის განცხადება, არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მხრივ. ის იბრძვის სიცოცხლისთვის, ამიტომ ჩვენ დრო, იმისათვის, რომ ვუყუროთ როგორ კვდება ნელი სიკვდილით მიხეილ სააკაშვილი არ გვაქვს და ვერ გვექნება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მიხეილ სააკაშვილის, რომელიც აქ არის დატყვევებული თვეების განმავლობაში, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გარანტია უდრის დიახაც, ამ ქვეყნის დასავლურ მომავალს და ეს მინდა იცოდეს ყველა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა“, - განაცხადა მელიამ.

სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იმყოფებოდა, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, რომელმაც განაცხადა,  რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, რის გამოც ქვეყნიდან გაყვანას და შესაბამის კლინიკაში მოთავსებას ითხოვს.

"ვითხოვ, ისევე როგორც ყოველთვის, არაერთხელ, დაუყონებლივ მის გაყვანას ამ ქვეყნიდან და შესაბამის კლინიკაში მოთავსებას. იქნებ, არის კიდევ შანსი, რომ გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე, იმიტომ, რომ დღეს უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს ამ ადამიანს. ბოლოს და ბოლოს ეს უნდა გაიგოს ყველამ. მე ძალიან მიკვირს ზოგიერთის გულუბრყვილობა იკითხავს - უი, მართლა? ეს როგორ მოხდა? იმიტომ რომ იმდენად ყოვლისშემძლე და სასწაულმოქმედი ჰგონიათ ეს ადამიანი, საერთოდ ჰგონიათ, რომ უკვდავია და არაფერი შეეხება. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის", - აცხადებს გიული ალასანია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში