მიხეილ სააკაშვილი ვერ იქნება ტყვეობაში, ის აუცილებლად იქნება გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ - ნიკა მელია

29 აპრილი 2022, 13:44 919 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი ვერ იქნება ტყვეობაში, ის აუცილებლად იქნება გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ, – ამის შესახებ  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს არის საკითხი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი გერმანელი პარტნიორებისთვის, კოლეგებისთვის. როგორც გერმანიის მთავრობა, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებიც აცნობიერებენ, რომ იმ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც მთელი დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოება დაუპირისპირდა ყველაზე ბოროტ ძალას მსოფლიოში პუტინს რუსეთის სახით, ამ დროს დამატებითი წყარო პრობლემებისა, რომელიც დემოკრატიული წესწყობილების მოსურნე ხალხს ექმნება პოლიტიკური დევნის სახით, არის რბილად რომ ვთქვათ შემაფერხებელი ფაქტორი, რომ ჩვენ, როგორც სახელმწიფო გავხდეთ ევროპული მომავლის ნაწილი. ამას აცნობიერებს ყველა ჩვენი მეგობარი. ამაზე ვსაუბრობდით დღეს და მჯერა, კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგმება, მათ შორის დღევანდელი შეხვედრის შემდეგაც.

უბრალოდ არ არსებობს არგუმენტი. შენ კლავდე ადამიანს ციხეში, არსებობდეს ამის მტკიცებულებები და ჯიუტად საუბრობდე, რომ ეს ადამიანი უნდა იყოს ტყვეობაში. ეს ადამიანი ვერ იქნება ტყვეობაში, ის აუცილებლად იქნება გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ. კობახიძე და სხვები რაზეც არ უნდა საუბრობდნენ და იხტიბარს არ იტეხავდნენ, რომ სააკაშვილმა 6-წლიანი სასჯელი უნდა მოიხადოს, ეს გამორიცხულია. ჩემზე კარგად იციან ეს. ისინი ელაპარაკებიან საკუთარ ამომრჩევლებს, მხარდამჭერებს და არ უნდათ, რეალობას თვალი გაუსწორონ. მათ აუცილებლად მოუწევთ სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს აქვს უფლება, მიხეილ სააკაშვილი გადაარჩინოს სიკვდილს, ის კი აკეთებს არაადამიანურ და პოლიტიკურად გაუმართლებელ განცხადებებს.

„ზურაბიშვილმა ორივე მხრივ გააკეთა არასწორი განცხადებები და ამას დარწმუნებული ვარ, მიხვდება. არც ადამიანური, არც პოლიტიკური თვალსაზრისით ზურაბიშვილის განცხადებები ვერ და არ იქნება გამართლებული. მას აქვს შესაძლებლობა, ქვეყანას აარიდოს კიდევ უფრო არასტაბილური განვითარების პერსპექტივა, რომლის წინაშეც ვდგავართ. თხელ ყინულზე დადის მთელი ერი და როდის ჩატყდება, არავინ იცის. ამ დროს ზურაბიშვილს აქვს ეს უფლება, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაარჩინოს სიკვდილს და აკეთებს არაადამიანურ და პოლიტიკურად გაუმართლებელ განცხადებებს. ქალბატონი ზურაბიშვილის იმედზე ყოფნას არ ვაპირებთ „ნაციონალური მოძრაობა“ და საზოგადოების მთელი საღი ნაწილი. თუკი ვინმე ამ განცხადებებით და ნაბიჯებით დაზიანდება, ეს თავად ზურაბიშვილი იქნება, რომელმაც პრეზიდენტობის პერიოდში ვერ დაამახსოვრა თავი საზოგადოებას ვერც ერთი ნაბიჯით, რომელიც წაადგებოდა ქვეყნის მომავალს. როდესაც ხარ პრეზიდენტის სასახლეში, უნდა გახსოვდეს, რომ შენი კვალი უნდა დარჩეს ისტორიას და მომავალს"- განაცხადა ნიკა მელიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში