საუბარი იყო იმაზე თითქოს სააკაშვილი პენიტენციურმა სამსახურმა დატოვა კვების გარეშე - ეს ტყუილია - იუსტიცის მინისტრი 

02 მაისი 2022, 12:58 1410 ნახვა

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო მომსახურებას არ უწევენ მტკნარი სიცრუა.

რატი ბრეგაძის თქმით, მსჯავრდებული უზრუნველყოფილია დღეში სამჯერადი კვებით, აქვს უფლება ციხის მაღაზიაში შეიძინოს საკვები და მიიღოს ამანათები.

მინისტრის განმარტებით, საუბარი იმაზე, რომ ის მშიერი რჩება, ტყუილია.

რატი ბრეგაძემ ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილს მიეწოდება ყველა საჭირო მედიკამენტი, თუმცა ის შერჩევით არ იღებს წამლებს. 

''მინდა საზოგადოებისთვის კარგად იყოს ცნობილი, რომ მას ამ პერიოდში 800-მდე ვიზიტორი ჰყავდა, რაც იმის ნათელი დასტურია, რომ არავის ვემალებით, არავის ვუმალავთ მის მდგომარეობას და, ბუნებრივია, მას ყოველდღიურ რეჟიმში აქვს იმის შესაძლებლობა, რომ შეხვდეს პირებს, ვისაც მისი მონახულების უფლება აქვთ.

მას აქვს სუფთა ჰაერზე ყოფნისა და სეირნობის უფლება, თუმცა ამას არ იყენებს საკუთარი გადაწყვეტილებით. ასევე, მას მიეწოდება სრულად ყველა ის მედიკამენტი, რომელსაც იგი საჭიროებს, თუმცა სააკაშვილი შერჩევით არ იღებს მედიკამენტების გარკვეულ ჩამონათვალს. მას მიწოდებული აქვს და მისთვის სრულად ხელმისაწვდომია იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ყველა ის მედიკამენტი, რომელსაც იგი საჭიროებს.

არსებობს გარკვეული მიზანმიმართული კამპანია. კიდევ ერთხელ გაიჟღერა ტერმიმნმა „ფატალური შედეგი“. სპეციალური პენიტენციური სამსახური ყოველთვის მოქმედებდა, და ბუნებრივია, ეს მომავალშიც ასე იქნება, ნებისმიერი მსჯავრდებულის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე - თითოეულ მათგანს ადეკვატური სახის სამედიცინო მომსახურება ეწევა. რა თქმა უნდა, ამაზე უნდა იყოს მათივე თანხმობაც“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრის თქმით, სახალხო დამცველთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებულ დასკვნასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, ველოდებით პასუხს

„ბუნებრივია, სწორედ ამიტომ, არსებობს კითხვის ნიშნები დასკვნასთან დაკავშირებით და ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, მათ შორის, რომელიც 30 აპრილს ჩვენ მიერ სახალხო დამცველის ოფისში იყო გაგზავნილი.

საინტერესოა, რატომ მოხდა პერსონალური ინფორმაციის გაჟღერება სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრისგან, მაშინ როდესაც პენიტენციურ სამსახურში გამოგზავნილ წერილში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ დასკვნის ეს ნაწილი არ იყო საჯარო, თუმცა თავად ექსპერტთა ჯგუფისგან გახდა ეს ინფორმაცია საჯაროდ ცნობილი და ეს არის პერსონალური ხასიათის ინფორმაცია“, - განაცხადა ბრეგაძემ.

დღეს იწურება ულტიმატუმის ვადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა, ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით დააყენა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში