სააკაშვილის წამებაზე საუბარი ანეკდოტებისა და ხუმრობის სფეროში გადავიდა - სოზარ სუბარი

04 მაისი 2022, 13:28 1045 ნახვა

სოზარ სუბარის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის წამებაზე საუბარი ანეკდოტებისა და ხუმრობის სფეროში გადავიდა.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლომ საქმის შესწავლა შეწყვიტა, რაც ნიშნავს, რომ არანაირი საფრთხე მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არ ემუქრება.

''გვახსოვს, თითქოს, მას როგორ აწამებდნენ რაღაც დასხივებით, ეზოში მანქანა იდგაო და ასხივებდნენ. ეს ერთდღიანი ხუმრობის თემად იქცა. თურმე, შემდეგ იყო როგორ ხდებოდა, მისი ფარმაკოლოგიურ წამება და ესეც მალე ყველას დაავიწყდა. მიხეილ სააკაშვილი მიუღებელ და არაადეკვატურ ტერმინს იყენებს, რომ მისი ინვალიდიზაცია ხდება. თქვენი კოლეგები ამბობენ, მალე სააკაშვილი ბუჩქად თუ მცენარედ იქცევაო. ეს ყველაფერი ანეკდოტების თემაში გადავიდა.

ადამიანის მიმართ რომ იყოს მართლა ჯანმრთელობის საფრთხე და წამების რაიმე ნიშანი გამოვლენილიყო, მით უმეტეს, როცა საუბარია ყოფილ პრეზიდენტზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმის განხილვას არ შეწყვეტდა. პირიქით, მიანიჭებდა პრიორიტეტს და დიდი ხნის წინ მკაცრი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული საქართველოს წინააღმდეგ.

თუ ადამიანი თვითდაზიანებას იყენებს, როგორც ამას ამბობს სამედიცინო კონსილიუმის წევრი წულაძე, ამაზე სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულება მიაქცევს შესაბამის ყურადღებას. მისი მონახულება იგეგმება, გაიგებთ, მალე ვინ მოინახულებს“, – განაცხადა სუბარმა.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში