ნიკა გვარამიას მოსამართლემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა

16 მაისი 2022, 10:23 1454 ნახვა

სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ის განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ 11 მაისს გავიდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ იაშვილი გამართლდა. გაუქმდა მის მიმართ გირაო. ასევე, მოიხსნა ქონებაზე დადებული ყადაღა.

რაც შეეხება კახაბერ დამენიას, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 220-ე მუხლით და ცნობილ იქნა დამნაშავედ. დამენიას ჯარიმის სახით 50 000 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

"აბა თქვენ იცით! დარჩით "მთავარზე" და მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება!  ყველაფერი კარგად იქნება" - დაწერა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში. 

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.

ამ საქმეზე ნიკა გვარამიას ბრალდება 2020 წლის 6 სექტემბერს წარედგინა. მასთან ერთად, საქმეზე ბრალი წარდგენილი ჰქონდა კიდევ ორ პირს - რუსთავი 2-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიას  და დაკავშირებული კომპანიის ინტერ მედია პლიუსის დირექტორს, ზურაბ იაშვილს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში