ეკონომიკური საბჭოს სხდომა

20 მაისი 2022, 20:14 954 ნახვა

ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე კომპანია „ბორჯომის“ შეთავაზებაზე, მაკონტროლებელი კომპანიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის აქციების უსასყიდლოდ გადაცემაზე იმსჯელეს.  პრემიერ-მინისტრმა სამინისტროებს დაავალა აქტიურად იმუშაონ, რათა შესაბამისი პროცედურები მოკლე ვადებში დასრულდეს. ეკონომიკური საბჭოს წევრებმა ასევე, ირაკლი ღარიბაშვილს მიაწოდეს ინფორმაცია საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის მიმდინარეობის შესახებ.

საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს ჯამში 28 680-მა მოქალაქემ მიმართა, აქედან 12 502 ადამიანი საზოგადოებრივი სამუშაოების ვაკანსიაზე გადამისამართდა. განიხილეს ეკონომიკური ზრდის პოზიტიური მაჩვენებლები და ტურიზმის აღდგენის მზარდი დინამიკაც. აღინიშნა, რომ კვირაში დაგეგმილია 400-ზე მეტი ავიარეისი.

რაც შეეხება აჭარის რეგიონს, ტურისტული აქტივობა იქაც მზარდი ტემპით ხასიათდება. რეგიონში თვეში 220-ზე მეტი ავიარეისი შესრულდება.ისაუბრეს თურქეთიდან იმპორტირებული იაფი მედიკამენტების რეალიზაციის პროცესზეც.

საქართველოს კოორდინაციით გაიმართა მოლაპარაკებები თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთების კოორდინირებულად და შეუფერხებლად გატარების შესახებ.

აღინიშნა, რომ საქართველოს მხრიდან გამტარობის კუთხით შეფერხებები არ არის, ამ მიმართულებით დაფიქსირებული გარკვეული ხარვეზები საზღვრის მეორე მხარეს მიმდინარე ინფრასტრუქტურულ, ხოლო ლარსის შემთხვევაში სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება. ასევე, დარეგულირდა მალფუჭებადი პროდუქტების გადაზიდვის საკითხები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში