დღევანდელი მიღწევები გვიძლიერებს რწმენას, რომ ჩვენი ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს ევროპის დიდი ოჯახის ღირსეულ წევრობას - პრემიერი

26 მაისი 2022, 13:35 2238 ნახვა

ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აღიარა; მას შემდეგ მთელ ჩვენს განვითარებას სწორედ ის სახარებისეული ფასეულობები განსაზღვრავს, რომელიც ასევე საფუძვლად უდევს დღევანდელ ევროპას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ევროპული ფასეულობებისა და ცხოვრების წესის, ევროპული ინსტიტუციური მოწყობის დამკვიდრებისკენ იყო მიმართული თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნების ფუძემდებელთა – ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, ივანე ჯავახიშვილისა და სხვა დიდ მამულიშვილთა მოღვაწეობა. ამიტომ, თანამედროვე საქართველო სწორედ ასეთ დიდ მემკვიდრეობას ეფუძნება და მისი გაძლიერებისა და განვითარებისთვის ჩვენ, ხელისუფლება და ხალხი ერთად, თავდაუზოგავად ვმუშაობთ. ეს მემკვიდრეობა და დღევანდელი მიღწევები გვიძლიერებს რწმენას, რომ აღმოსავლეთისა და დასავლეთის საზღვარზე მდებარე ჩვენი უძველესი ქვეყანა, თავისი უნიკალური ისტორიით, კულტურითა და ენით, ნამდვილად იმსახურებს, გახდეს ევროპის ერთიანი დიდი ოჯახის ღირსეული წევრი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! მშვიდობას, წინსვლასა და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული მომავალი არის საქართველოს ყველა მთავრობისთვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამაც და უალტერნატივო სამოქმედო გეგმაც.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ გეგმამ, ძვირფასო მეგობრებო, კონკრეტული სახე შეიძინა. მოკლე ხანში ჩვენ გადავდგით არაერთი ქმედითი ნაბიჯი ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოებლად - გავატარეთ მასშტაბური რეფორმები სამართლებრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროებში, მმართველობის გასაუმჯობესებლად თუ დემოკრატიის გასაძლიერებლად. ჩვენ ამ საქმეს ვაგრძელებთ. ჩვენ უზრუნველვყავით უახლეს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობის პერიოდი და სათავე დავუდეთ მშვიდობიანი განვითარების უპრეცედენტო, გრძელვადიან პროცესს“ , - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში