ირაკლი კუპრაძე ბათუმის საკრებულოს ტოვებს - 6 თვიანი პაუზის შემდეგ დღეს პირველი სხდომა იმართება

30 მაისი 2022, 11:12 1670 ნახვა

6 თვიანი პაუზის შემდეგ, ბათუმის საკრებულო დღეს, 30 მაისს შეიკრიბა. ეს მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის კანონში ცვლილებები შევიდა, რასაც საპარლამენტო მოსმენებისას ''ნაციონალურმა მოძრაობამაც''  დაუჭირა მხარი და სხვა ოპოზიციური პარტიებისგან კრიტიკა დაიმსახურა. 

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ პარტია ''ლელოს'' ლიდერი ირაკლი კუპრაძე ბათუმის საკრებულოს ტოვებს. მან განცხადება უკვე დაწერა. 

''საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ''ა'' ქვეპუნქტის შესაბამისად, გთხოვთ პირადი განცხადების საფუძველზე საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე შემიწყვითოდ'' - წერია განცხადებაში.   

სხდომას არ დაესწრებიან ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები. 

''როგორც საჯაროდ გვქონდა გაცხადებული, ჩვენი ფრაქცია არ აპირებს მინაწილეობა მიიღოს ''ქართული ოცნების'' თანამდებობების გადანაწილებაში ბათუმის საკრებულოში.

შესაბამისად, დღევანდელ სხდომაზე ჩვენ არ გამოვცხადდებით, ვინაიდან წარმოდგენილი საკითხებით დღეს, მხოლოდ თანამდებობების გადანაწილება ხდება.

ნუგზარ ფუტკარაძის, პოლიტიკური ზეწოლის შედეგად, გარდაცვალებისა ,,ქართულ ოცნებას'' კანონში ცვლილებები დასჭირდა იმისთვის, რომ სასურველ შედეგისთვის მიეღწია ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ.

გულდასაწყვეტია, რომ ამ ცვლილებებს პარლამენტში ჩვენი პარტია, ჩვენთან საფუძვლიანი კონსულტაციის გარეშე შეუერთდა.

თუმცა, ჩვენ უკვე ველოდებით ბათუმის მერია როდის წარმოადგენს საკრებულოში ქალაქისთვის მნიშვნელოვან პროექტებს, რომლის განხილვასაც ჩვენ ვითხოვთ დიდი ხანია და  არაერთხელ მოვიწვიეთ სხდომა, რომელზეც არ გამოცხადდა ''ქართული ოცნება''. მოგებული არჩევნები ხელის გადაგრეხვის პრინციპით წაგვართვეს, თუმცა ჩვენ ვაპირებთ ბათუმელების დაკვეთა შევასრულოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დასრულდეს კორუფცია, ნეპოტიზმი, საჯაროდ გამოვიტანოთ ყველა საკითხი, მოვახდინოთ საკრებულოს გადაწყვეტილებების მიღებაში ბათუმელების მაქსიმალური ჩართულობა.

ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო ქალაქის ინტერესები და ეს ასე გაგრძელდება,'' - აცხადებენ პარტიაში. 

დღეს, წარმომადგენლობით ორგანოში ყველა ის პროცედურა უნდა ჩატარდეს, რაც პირველ სხდომაზე, ოპოზიციის ბოიკოტის გამო, ვერ მოხერხდა. ბათუმის საკრებულოში თავმჯდომარე და მოადგილე უნდა აირჩიონ. ამასთან  საკრებულოს კომისიების წევრთა რაოდენობის განსაზღვრა და საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებაა დაგეგმილი.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში