რატომ არ მუშაობდა ატრაქციონები ქობულეთის პარკში საღამოს საათებში?

02 ივნისი 2022, 14:28 1366 ნახვა

რატომ არ მუშაობდა ბავშვთა გასართობი ატრაქციონები ქობულეთში 1 ივნისს საღამოს საათებში?  მშობლებმა სოციალურ ქსელში ვიდეოები გაავრცელეს, რომელშიც  ჩანს, რომ საქანელებს საკუთარი ძალით ამუშავებენ. 

ბავშვთა დაცვის დღეზე ღონისძიების ორგანიზატორი ქობულეთის მერია იყო, სადაც ამბობენ, რომ რთულია დადგინდეს ვიდეო ჩანაწერი ატრაქციონების შესახებ, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, არის თუ არა  1 ივნისს  გადაღებული.

მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, ნათია ნიჟარაძე ამბობს, რომ ატრაქციონები პარკის ტერიტორიაზე კერძო პირს იჯარით აქვს აღებული, შესაბამისად მის სურვილზე იყო დამოკიდებული რომელ საათამდე იმუშავებდა. 

ასევე ამბობს, რომ მოკვლევის შედეგად გაარკვიეს, რომ  ატრაქციონების 20 საათზე გამორთვის მიზეზი  უსაფრთხოების ნორმების დარღვევა გახდა, რადგან პატარებისთვის განკუთვნილ ატრაქციონზე, ბავშვებთან ერთად უფროსებიც  სხდებოდნენ.

მერიაში ამბობენ, რომ ატრაქციონები ბავშვთა დაცვის დღეს უფასო იყო, თუმცა მისი მუშაობის დროის ხანგრძლივობა თავად კერძო პირმა განსაზღვრა.

ბავშვთა დაცვის დღისთვის ქობულეთის მერიამ ბიუჯეტიდან 10 ათასი ლარი გამოყო.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში