საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა ყველა ის ვალდებულება და პირობა, რომელიც აღებული ჰქონდა ევროკავშირთან - პრემიერი

06 ივნისი 2022, 14:33 851 ნახვა

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებით, შემდეგ უვიზო რეჟიმის მიღებით, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანით, ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი და პირნათლად ვასრულებთ ჩვენი ხალხის დაკვეთას, - ამის შესახებ  ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა ყველა ის ვალდებულება და პირობა, რომელიც აღებული ჰქონდა ევროკავშირთან.

"დაწყებული ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებით, შემდეგ უვიზო რეჟიმის მიღებით, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანით, ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი და პირნათლად ვასრულებთ ჩვენი ხალხის დაკვეთას. რომ არა ჩვენი მთავრობა, ჩვენ არა თუ ევროკავშირში, არამედ ძალიან რთულ პირობებში ვიქნებოდით დღეს. კიდევ ერთხელ, მინდა შევახსენო ჩვენს მეგობრებს, ჩვენს კოლეგებს, ევროპაშიც, ქვეყნის შიგნითაც, ყველას, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, გვაქვს უვიზო რეჟიმი ჩვენი მოქალაქეებისთვის და ახლა უკვე პატივი გვხვდა წილად, რომ შეგვეტანა უკვე განაცხადი ოფიციალურად წევრობისთვის. ასევე მინდა განმარტება გავაკეთო ჩვენი მოქალაქეებისთვის: ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არ არის მარტივი პროცესი. ჩვენ გვაქვს საუბარი მხოლოდ კანდიდატის სტატუსზე და ეს არ არის წევრობა. წევრობამდე ძალიან დიდი და რთული გზა არის გასავლელი, ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ. საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა ეს სტატუსი მივიღოთ ჩვენ, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე განმარტებით, მოქმედი დესტრუქციული ძალები ცდილობდნენ და ჯერ კიდევ ცდილობენ შეკვეთილი სტატიებით, სიუჟეტებით, ბრიუსელში შეხვედრებით აწარმოონ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია ქვეყნის წინააღმდეგ, ამას მიყვებოდნენ ჩვენი ევროპელი კოლეგებიც.

პრემიერმა თქმით,  მას სჯერა, რომ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გონივრულ, ბრძნულ და სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში