ევროპარლამენტის რეზოლუცია

09 ივნისი 2022, 15:06 1291 ნახვა

საქართველოში მედიის თავისუფლებების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია მიღებულია. 

რეზოლუცია გამოხატავს შეშფოთებას ბოლო წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაუარესების გამო.

გმობს ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ძალადობის და დევნის შემთხვევების მზარდ რაოდენობას, მათ შორის, მედიის მუშაკებისა და მფლობელების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიებების მზარდ რაოდენობას; ევროპარლამენტი გმობს მთავარი არხის დირექტორის მიმართ განაჩენის გამოტანას და იზიარებს „რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ მოწოდებას ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვის შესახებ.  

ევროპელი კანონმდებლები კატეგორიულად გმობენ  2021 წლის 5 ივლისს განვითარებული მოვლენებზე გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის ნაკლებობას, ხელისუფლებას კი მოუწოდებენ  ჰუმანიტარული ნიშნით გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს.

საგულისხმოა, რომ წინა პროექტის ტექსტისგან განსხვავებით, ახალ ტექსტში საქართველო უკრაინისა და მოლდოვისგან გამოყოფილადაა მოხსენიებული, მიუხედავად იმისა, რომ განცხადების სულისკვეთება შენარჩუნებულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში