არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში, არც სააკაშვილს არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს - სალომე ზურაბიშვილი

10 ივნისი 2022, 17:54 883 ნახვა

არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში, არც სააკაშვილს არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ არის იმის ფასი, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვა, ამისთვის, ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის წყვეტს ვიზიტს და ბრუნდება საქართველოში, რათა ქვეყნის მომავალი დაიცვას.

„ვიმყოფები ბრიუსელში, სადაც ჩამოვედი იტალიაში ჩემი ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, რათა ბოლო ძალისხმევა არ დამეშურებინა ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად.

სამწუხაროდ, ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და კიდევ უფრო სამწუხაროდ, ამ რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლო გუნდიდან, რომელიც რეალურად არ მაძლევს საშუალებას, რომ ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა დღეს. მე მინდოდა ჩასვლა საფრანგეთში, პოლონეთში და შესაძლებელია, უკრაინაშიც, რომელთან ერთადაც ვართ ამ საქმეში და, რომლის მადლიერი უნდა ვიყოთ, თუ არა, არ იქნებოდა დაჩქარებული კანდიდატურის პროცესი. მაგრამ, მივიღე კიდევ ერთი უარი ამ მოგზაურობაზე. ამ უარის შემდეგ, რადგანაც მითხრეს, თურმე მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, მე თვითონაც ჩავთვალე, რომ ალბათ არ არის მიზანშეწონილი. ეს არ არის ის საქმე, სადაც მე შემიძლია, მარტო გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა.

ვთვლი, რომ მე ვარ პასუხისმგებელი კონსტიტუციის წინაშე, რამეთუ კონსტიტუციის 78-ე მუხლი მავალდებულებს, ყველაფერი გავაკეთო რაც შესაძლებელია, რათა წინ წავწიოთ ეს პროცესი. მე არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის, თუ არა ევროპული მომავალი.

მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში, არც სააკაშვილს არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ არის იმის ფასი, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვა. ამისთვის, ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში