ირლანდიის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო - საგარეო უწყება 

15 ივნისი 2022, 08:17 731 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირლანდიის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და მოუწოდა ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

უწყების ცნობით, სენატი ევროკავშირის გაფართოებას მხარს უჭერს, ევროპული ნორმებისა და ღირებულებების მქონე იმ ქვეყნების გაწევრიანებით, რომლებიც ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებენ და ევროინტეგრაციის გზაზე ძალისხმევას აგრძელებენ. 

„რეზოლუციაში აღნიშნულია ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიაღწია და ხაზგასმულია, რომ გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ასოცირებული ტრიოს წევრი ქვეყნების მიმართ ერთიანი მიდგომა იყოს. ვინაიდან, რომელიმე ამ ქვეყნის პროცესის გარეთ დატოვებას საზოგადოების პრო-ევროპულ განწყობებზე დამანგრეველი ეფექტი ექნება და რუსეთს სხვა არაპროგნოზირებადი გამანადგურებელი ქმედებებისთვის „მწვანე შუქს“ მისცემს.

დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ ქართველი ხალხი ათწლეულების განმავლობაში, ევროპული ინტეგრაციისკენ მტკიცედ ისწრაფოდა, რამაც ასევე, მთავრობების მიერ გატარებულ პრო-ევროპულ პოლიტიკაში ასახვა პოვა. რეზოლუციაში ჩამოთვლილია ის კონკრეტული მიმართულებები, რომელშიც რეფორმები წარმატებით განხორციელდა, მათ შორისაა: დემოკრატიის გაძლიერება, ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება, მთავრობის გამჭვირვალობის გაძლიერება და სასამართლოს დამოუკიდებლობა“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში