ევროკომისიის რეკომენდაცია - ბრიფინგი “ქართული ოცნების'' ოფისში

17 ივნისი 2022, 15:10 729 ნახვა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებას საქართველო მრავალი წლის მანძილზე ელოდა.

ირაკლი კობახიძის თქმით,  საქართველო წინ უსწრებს როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას – იქნება ეს დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა. 

''გვესმის, რომ ევროპული კომისია და ევროპული საბჭო იღებენ არა ექსპერტულ, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, არსებულ არაორდინალურ პოლიტიკურ ვითარებაში, ევროპული კომისიის გადაწყვეტილებას აქვს თავისი ლოგიკური პოლიტიკური ახსნა.

რუსეთის სამხედრო აგრესიამ და მიმდინარე ომმა უკრაინას უკვე უმძიმესი ჰუმანიტარული და ეკონომიკური ზიანი მიაყენა. ომის შედეგად დაიღუპა 10 ათასობით უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი, ყოველი მესამე უკრაინელი დევნილად ან ლტოლვილად არის ქცეული, განადგურებულია ქვეყნის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, დანგრეულია ასობით ქალაქი და სოფელი, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები უკრაინული ეკონომიკის 45 პროცენტით ვარდნას პროგნოზირებენ. ამ ფონზე, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ერთგვარი მცირედი წახალისება, რაც ჩვენს მეგობარ ქვეყანას ევროკავშირისგან უსათუოდ უნდა მიეღო. ჩვენ დღეს მოვისმინეთ ერთ-ერთი ევროპელი ლიდერის განცხადება იმის შესახებ, რომ ჩვეულებრივ პირობებში უკრაინა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა და ის სტატუსს სწორედ ომის გამო იღებს.

კონფლიქტის ზონასთან გეოგრაფიული სიახლოვიდან გამომდინარე, უკრაინაში მიმდინარე ომმა მძიმე ზიანი მიაყენა ჩვენს მეგობარ მოლდოვასაც. მაშინ, როდესაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 14,5 პროცენტი შეადგინა, მოლდოვის ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 1 პროცენტი იყო. ამასთან, მოლდოვას ნახევარმა მილიონმა უკრაინელმა ლტოლვილმა შეაფარა თავი, რაც 2,5-მილიონიან ქვეყანას, ბუნებრივია, უმძიმეს ტვირთად აწვება, ხოლო ევროკავშირს შესაბამის ტვირთს უშუალოდ უმსუბუქებს. უკრაინაში მიმდინარე ომის მძიმე ეკონომიკური და ჰუმანიტარული გავლენის გათვალისწინებით, მოლდოვასაც უნდა მიეღო წახალისება, რაც მის რთულ მდგომარეობას, მართალია, ეკონომიკურად არა, მაგრამ პოლიტიკურად გარკვეულწილად მაინც შეამსუბუქებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში