საქართველოს ევროპული პერსპექტივა 

18 ივნისი 2022, 11:52 766 ნახვა

ევროკომისიის რეკომენდაციას ევროპელი ლიდერები აფასებენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, საჭიროა მუშაობა იმისათვის, რომ  მოლდოვასა და უკრაინის მსგავსად, საქართველოს მოსახლეობასაც მიეცეს იგივე შესაძლებლობები. აღნიშნული განცხადება მეცოლამ "ტვიტერის" გვერდზე დაწერა.

მისივე თქმით, ევროპის კარი ღია უნდა დარჩეს, რათა ევროპა გაძლიერდეს, მოხდეს მისი ღირებულებებისა და თავისუფლების დაცვა.

საგარეო უსაფრთხოებისა და პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი კი ამბობს, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია როგორც საქართველო-უკრაინა-მოლდოვასთვის, ასევე ევროკავშირისთვის. ევროკომისიის  შეფასებები არის მათი ევროპული მისწრაფებების შესრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ევროკავშირი მხარს დაუჭერს ყველა რეფორმის ძალისხმევას, რათა ეს რეალობად აქციოს" - წერს ბორელი Twitter-ზე.

დამსახურებულ ჯილდოს უწოდებს ევროკომისიის მიერ „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებთან დაკავშირებით  მიღებულ გადაწყვეტილებას რუმინეთის პრეზიდენტი.

„ჩვენ კვლავაც მხარს დავუჭერთ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას“, – ნათქვამია რუმინეთის პრეზიდენტის ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში. ევროკომისიის დასკვნას ეხმაურება ასევე რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბოგდან აურესკუ და თავის ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს ევროპული ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს ულოცავს.

სამი ასოცირებული ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციას აფასებს ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მაიკლ მარტინიც. მისი თქმით, მიესალმება რეკომენდაციას მოლდოვასთვის კანდიდატის  სტატუსის მინიჭების შესახებ და ასევე, რეკომენდაციას საქართველოსთვის, რომ  მიიღოს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც პრიორიტეტები შესრულდება.

ევროკომისიის რეკომენდაციას, მიესალმება ესტონეთიც, რომ უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა უნდა მიიღონ, – ამის შესახებ აღნიშნულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მათ იმედი აქვთ, რომ მომავალ კვირას ევროკავშირის საბჭოს შეხვედრაზე კომისიის გადაწყვეტილება დადასტურდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში