გუშინ „ნაცების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე იმდენი „არანაცი“ და ევროპული იდეის მომხრე მივიდა, რომ აქციის ორგანიზატორებს თავისი ბელადის ავტომატურად უარყოფა მოუწიათ და საერთოდ არ უხსენებიათ მიხეილ სააკაშვილი – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, საბოლოოდ ე.წ. მანიფესტის სახით გაახმოვანეს ''ბაკურიანის გეგმა'' და წალეკვით და დაუმორჩილებლობით დაემუქრნენ ამ ქვეყანას.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ აქციაზე ბევრი მათი პარტიის მომხრეც იმყოფებოდა.
„ეს იყო ბევრი პოლიტიკური შეხედულების, აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანებისგან, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ მომხრეებისგან შემდგარი, აღარ გაგიკვირდებათ და ჩვენი მომხრეებისგან შემდგარი აქცია, რისთვისაც მთავარი მიზანი იყო – დაფიქსირებულიყო ევროპის მიმართ მხარდაჭერა მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცოდა, რომ ამ აქციის ორგანიზატორები იყვნენ „ნაცმოძრაობისა“ და მისი ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები. რომლებმაც ე.წ. მანიფესტის სახით, გაახმოვანეს ''ბაკურიანის გეგმა'' და წალეკვით და დაუმორჩილებლობით დაემუქრნენ ამ ქვეყანას.
წალეკვა-დაუმორჩილებლობა კი არ უნდა, არამედ შეთანხმება. გუშინ აქციაზე მისულ ბევრ ადამიანს არ აინტერესებდა ვინ ვისი მომხრეა, მათი გზავნილი იყო, რომ ევროპა საქართველოს მომავალია ასე უნდა შევთანხმდეთ, ეს ქვეყანა არის შავი ხვრელი, თუ ევროპული დემოკრატიის სახელმწიფო, რომელსაც უპირატესად ეკუთვნის ევროპული ოჯახის წევრობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.