იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს - ღარიბაშვილი სალომე სამადაშვილზე

22 ივნისი 2022, 15:45 1171 ნახვა

ქალბატონი, სალომე სამადაშვილი დადიოდა პირადად ბრიუსელში და სთხოვდა, არ მისცეთ კანდიდატის სტატუსიო - განაცხდა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში მოხსენების წარდგენისას. 

პრემიერმა სამადაშვილს ქვეყნის მოღალატე უწოდა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, რომელიც ევროპაში, ამერიკაში დაჟინებით ითხოვდა, რომ არ მიეღო საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ასევე იყო ბატონი არახამია.

"თქვენ წარმოადგენთ მოღალატეების პარტიას, თქვენ საცოდავებო. ხაბეიშვილო შენ და ყველანი, სააკაშვილის ლიდერობით. თქვენ ხართ მოღალატეები... ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და მათი პარტნიორი, რომელიც ევროპაში, ამერიკაში დაჟინებით ითხოვდა, რომ არ მიეღო საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, თქვენთან ერთად ძვირფასო ოპონენტებო იყო უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი ბატონი არახამია, რომელიც თქვენი მეგობარია.

პრაქტიკულად ულტიმატუმი წაუყენეს ევროპას, რომ თუ საქართველო მიიღებდა კანდიდატის სტატუსს ძალიან გულდაწყვეტილები დარჩებოდნენ.  ჩვენ მოვისმინეთ არახამიას სამარცხვინო ბრალდებები, ისეთი როგორიც უკავშირდებოდა ქვეყნის დადანაშაულებას სანქცირებული კომპანიების ხელშეწყობაში, თუმცა დღემდე არც ერთი ფაქტი არ წარმოგიდგენიათ" - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მავნებლობას უკავშირდება ყველაფერი, თუ რაიმე ხელისშემშლელი ყოფილა ქვეყნის ევროპასთან დაახლოების პროცესში.

„მინდა, რამდენიმე ძირითადი მიღწევა გავაკეთოთ, რომელიც ბატონი ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. ესენია, ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი. ახლა არის უკვე ისტორიული ჩანაწერი, ევროპული პერსპექტივის და კანდიდატის სტატუსის სახით. შესაბამისად, თუ ამ პროცესში რაიმე ხელის შეშლა ყოფილა, ეს უკავშირდება ამათ მავნებლობას.

 

დაწყებული უვიზო რეჟიმის მიღების დროს ბატონი დავით ბაქრაძე, კაცი, რომელიც პარლამენტის სპიკერი იყო და ამ სავარძელში იჯდა, პირადად დადიოდა და ეხვეწებოდა, ემუდარებოდა ევროპელებს, რომ რამენაირად ჩვენი მთავრობის დროს, „ქართული ოცნების“ პირობებში, უვიზო რეჟიმი არ მიეცათ საქართველოსთვის, დაესაჯათ საქართველო და ქართველი ხალხი. კანდელაკზე აღარ ვსაუბრობ, ყოველ უმსგავსობას ჩვენი ევროპელი მეგობრები მისგან იგებდნენ, ათას ბრალდებას, ცილისწამებას. ეს ხართ თქვენ. ეს არის მავნებლობა და მტრობა ქვეყნის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რამდენჯერმე მან დარბაზიდან ოპოზიციას ავადმყოფებიც დაუძახა.

"დაწყნარდი, დაწყნარდი, მიბრძანდი", "შე საცოდაო'', საავადმყოფოშია გადასაყვანი'' - ისმოდა ფრაზები დარბაზში. 

„წამალი ხომ არ სჭირდება ქალბატონ თაკოს? მიეცით, დაამშვიდეთ, გიჟია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა თაკო ჩარკვიანის მისამართით.

პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენა ამ წუთებშიც ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ირაკლი ღარიბაშვილს სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინეს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში