მიხეილ სააკაშვილი არის მთავარი ოლიგარქი თავისი ოჯახით, ის არის ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა - პრემიერი

22 ივნისი 2022, 16:28 946 ნახვა

სააკაშვილი არის მთავარი ოლიგარქი თავისი ოჯახით, მისი ბიძა არის ოლიგარქი, რომელიც პრეზიდენტს მართავდა, სააკაშვილის დედა არის ოლიგარქი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში მთავრობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, დესტაბილიზაციის მთავარი ფაქტორი მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობაა“.

„მიხეილ სააკაშვილი არის მთავარი ოლიგარქი თავისი ოჯახით. სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია არის ოლიგარქი, სააკაშვილის დედა, გიული ალასანია არის ოლიგარქი, დადასტურებული 100 მლნ-ს ქონება აქვს სააკაშვილის დედას. სააკაშვილს აქვს დადასტურებული ასეულობით მილიონი. სააკაშვილი არის ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა და თქვენი პარტიაა მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის. რაც შეეხება მათ მთავარ აღტკინებას, რომ თურმე დეოლიგარქიზაცია დაგვავალა, მე რა გვარებიც ჩამოვთვალე, ისინი არიან პრობლემა. ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის მთავარი პრობლემა არის სააკაშვილი და თქვენი პარტია. დესტაბილიზაციის მთავარი ფაქტორი არის სააკაშვილი და მისი პარტია ანუ თქვენ. ჩვენი ხალხის სიმშვიდისა და სტაბილურობის მთავარი პრობლემა არის სააკაშვილი და მისი პარტია ანუ თქვენ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, კეზერაშვილი არის ნამდვილი ოლიგარქი.

"ვინ არის დავით კეზერაშვილი – დღეს კეზერაშვილი არის ნამდვილი ოლიგარქი, რომელიც აფინანსებს სამივე ტელევიზიას „მთავარს“, „ფორმულას“, „ტვ პირველს“, აფინანსებს მათ ხელფასებს და ა.შ. ბატონი კეზერაშვილი მოპარული, ნაძარცვი ფულით. კითხვა რატომ არავის უჩნდება, მათ შორის „იპიპის“ სამას დეპუტატს. ეს კაცი იყო თავდაცვის მინისტრი, გენერალი დევი ჭანკოტაძე აქ არის და მან კარგად იცის, რას ვიტყვი. ომის დროს კეზერაშვილი იყო თავდაცვის მინისტრი, მთელმა ჯარმა ნახა გაქცეული თავდაცვის მინისტრი თავის კოლონით.

კეზერაშვილი როგორც კი წავიდა მთავრობიდან, როგორ მოახერხა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის აკუმულირება საკუთარ ანგარიშებზე? კითხვა არ გიჩნდებათ მეგობრებო? კითხვა არ უჩნდებათ ჩვენ ვითომ ევროპელ მეგობრებს? აქ რომ ჩამოჰყავთ კუბილიუსი, კარლ ბილტდი, ფოტიგა და სხვები"- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არის არა ოლიგარქი, არამედ ყველაზე დიდი ქველმოქმედი, რომელიც ქართველს ახსოვს.

"ბატონი ბიძინა ივანიშვილი, თქვენ კარგად იცით მეგობრებო, არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი. ყველაზე დიდი ქველმოქმედი, რომელიც ქართველს ახსოვს.

 

ახლა დადიან, ლაპარაკობენ ევროპაში, ვითომ მათი სიტყვებით რომ ვთქვა, აღქმებს ქმნიან, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა თურმე ეს არის, მათი ჩატანილი ინფორმაციებით თურმე პრობლემა არის ბატონი ივანიშვილი. კაცი, რომელიც არის მთელი ამ მიღწევების თანაორგანიზატორი, თანაშემოქმედი და აი ამ მანიაკალური დამნაშავეობრივი სისტემის დამანგრეველი, შემცვლელი.

 

ბატონი ბიძინა ივანიშვილი, როცა თქვენ იყავით ხელისუფლებაში, სააკაშვილის მმართველობის დროს მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი აფიშირების გარეშე აკეთებდა უკიდეგანო ქველმოქმედებას. ოლიგარქის განმარტება მაინც იცოდეთ თქვე საც... აი, სასწაულია პირდაპირ"-განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში რომ არ მოსულიყო, დღეს საქართველოში იქნებოდა მეორე მარიუპოლი.

„და მთავარი – რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი პოლიტიკაში, დღეს აქ თქვენ გააკეთებდით მეორე მარიუპოლს, თქვენ გაწირავდით ქვეყანას და ხალხს, დაანგრევინებდით და გაყიდდით საქართველოს. თქვენგან განსხვავებით, ძვირფასო ოპენენტებო, ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, საქართველოს. თქვენ მოგიწევთ, გასცეთ პასუხი კითხვას, ვის ემსახურებით? დიდება საქართველოს, დიდება ქართველ ხალხს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში