სამშენებლო კოდექსში ცვლილება პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო

23 ივნისი 2022, 14:51 670 ნახვა

76 მომხრე, 8 წინააღმდეგი -  სამშენებლო კოდექსში შესატან ცვლილებებს  პარლამენტში  მეორე მოსმენით უყარეს კენჭი.  პარლამენტი საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავს და ის ბათუმში სამშენებლო რეგულაციებს ეხება.   საკანონდებლო ორგანოში  მეორე მოსმენაზე   დოკუმენტის ჩასწორებული  ვარიანტი იყო წარდგენილი. ცვლილება შევიდა საკრებულოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ნაწილში.საუბარია სათათბირო საბჭოს მექანიზმის შემოღებაზეც. ექსპროპრიაციის ნაწილი  კი ინიციატივის ავტორმა, ბათუმის მერიამ გაითხოვა.  ჩასწორებულ დოკუმენტთან დაკავშირებით  ოპოზიციას შენიშვნები აქვს   და სათათბირო საბჭოს  დაკომპლექტებაში  ბუნდოვანებას ხედავს.  

ამის გარდა, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ  ქალაქის დაგეგმარების დოკუმენტის გარეშე  კანონპროექტის  დაჩქარებული წესით განხილვა კორუფციის რისკებს ზრდის.

საპარლამენტო  უმრავლესობა მიიჩნევს, რომ  საკრებულოს ჩართულობა  პროცესს უფრო გამჭვირვალეს გახდის. დაჩქარებული წესით განხილვის აუცილებლობას  კანონპროექტის ინიციატორები  ბათუმში ავარიული შენობების სავალალო მდგომარეობით ხსნიან.   

საკანონდებლო  ინიციატივის საბოლოო  დამტკიცების შემთხვევაში,  ბათუმის მერიის მიერ შესაძლებელი იქნება განხორციელდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება, ასევე კანონით დადგენილი მოთხოვნებისგან განსხვავებული პირობებით ქალაქთმშენებლობითი და სამშენებლო დოკუმენტაციის დამტკიცება ან მასში ცვლილებების შეტანა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში