ევროპარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა - საქართველოზე ნათქვამია, რომ ისიც უნდა გახდეს კანდიდატი რეფორმების გატარების შემდეგ

23 ივნისი 2022, 15:05 1167 ნახვა

ევროპარლამენტმა 529 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სამიტში მონაწილე სახელმწიფოების მეთაურებს, მიანიჭონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას „დაუყონებლივ“. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა 45-მა, 14-მა კი თავი შეიკავა.

რეზოლუციის თანახმად, სამიტში მონაწილე სახელმწიფოები ანალოგიურად უნდა მოიქცნენ საქართველოსთან მიმართებაში მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა ევროკომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს შეასრულებს.

„პარლამენტი მოუწოდებს უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს ხელისუფლებას, „ცალსახად წარმოაჩინონ თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება თავიანთი ხალხის ევროპული ამბიციების განსახორციელებლად, დააჩქარონ რეფორმები, რათა რაც შეიძლება მალე შესრულდეს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები.

უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ ცხოვრებას თავისუფალ, დემოკრატიულ და კეთილდღეობის მქონე ქვეყნებში, რომლებიც ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრები არიან,“- აცხადებენ ევროპარლამენტარები.

რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირის ლიდერებმა უნდა შეასრულონ ისტორიული პასუხისმგებლობა და პოლიტიკური სიგნალი მისცენ უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, მათი ევროპული პერსპექტივის დადასტურებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში