ეს არის დამსახურებული მიღწევა, ევროპული პერსპექტივა მიენიჭა საქართველოს დამსახურებულად - პრემიერი

24 ივნისი 2022, 14:16 786 ნახვა

საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა დამსახურებულად, ეს არის დამსახურებული მიღწევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპული პერსპექტივის მინიჭებით ჩვენს ქვეყანას სამუდამოდ გაუხსნეს კარი ევროპაში, მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.

" როგორც თავად ჩვენმა ევროპელმა ლიდერებმა აღნიშნეს და პარტნიორებმა, მეგობრებმა, გუშინ მართლაც იყო ისტორიული დღე. ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ. ეს არის დამსახურებული მიღწევა. ევროპული პერსპექტივა მიენიჭა საქართველოს დამსახურებულად. თქვენ ნახეთ, რომ ჩაიწერა საჯაროდ, რომ რეალურად ევროპამ კარი გაუხსნა ჩვენს ქვეყანას. ეს არის აღიარება ჩვენი ხალხის ევროპული იდეალებისადმი მისწრაფების, მათი ერთგულების, ჩვენი შეუპოვრობის, პრინციპულობის, ბრძოლის და ჩვენი

მთავრობის 10-წლიანი მუშაობის შედეგის აღიარებით.

ჩვენ მოვისმინეთ მათი შეფასება, რომ ევროპული პერსპექტივის მინიჭებით რეალურად ჩვენს ქვეყანას სამუდამოდ გაუხსნეს კარი ევროპაში და პირდაპირ იქნა ჩაწერილი, რომ ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ეს ნამდვილად არის დამსახურებული მონაპოვარი და ვულოცავ ქართველ ხალხს"- განაცხადა პრემიერმა.

მისივე განმარტებით,  როგორც კი შევასრულებთ განსაზღვრულ პრიორიტეტებს, მაშინვე მიენიჭება საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

"ეს გვაძლევს მოტივაციას, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში შევასრულოთ ყველა ის პირობა, რომელიც განსაზღვრული იყო ევროკავშირის მიერ. ჩვენ ამისთვის ვართ მზად. მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენი მთავრობა არის მობილიზებული, რათა დროულად შევასრულოთ ყველა პირობა, რომელიც განსაზღვრული იყო ევროკავშირის მიერ, რათა დროულად მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ევროპული საბჭოს ასეთი სამართლიანი გადაწყვეტილება რომ არა, მის პოზიციაზე დავრჩებოდა და უფრო მეტს იტყოდა.

„მე ეს განცხადება გავაკეთე მას შემდეგ, რაც მოვისმინეთ და ვიხილეთ სრულიად შეურაცხმყოფელი და უსამართლო რეზოლუცია რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა, მათ შორის ჩვენი ოპოზიციისა და მათი ლობისტების უშუალო კენჭისყრაში მონაწილეობით. ჩემი მაშინდელი ემოციური რეაქცია იყო აბსოლუტურად გააზრებული, მე ეს შეგნებულად გავაკეთე. რომ არა ჩვენი გუნდის პრინციპული დამოკიდებულება და საჯარო მიმართვა ევროპისადმი შესაძლოა საქართველოს დღეს არ მიეღო დამსახურებული ევროპული პერსპექტივა.

ჩვენ ამის რისკები დავინახეთ, ვინაიდან ყოვლად უსამართლო რეზოლუცია იყო მიღებული, რაც ღიად ვთქვით ყოველგვარი დაფარვის გარეშე. ჩვენ არასდროს არ შევეგუებით უსამართლობას და ყოველთვის გვექნება მძაფრი, სამართლიანი, პროპორციული ქმედება და რეაქცია. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის პრინციპულობას გარკვეული როლი ამ ყველაფერში მიუძღვის, ჩვენმა დემონსტრაციამ თავისი როლი შეასრულა. რა თქმა უნდა, არ ვცვლი ჩემს პოზიციას, რომ არ გვეხილა ასეთი სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება ჩემს პოზიციაზე დავრჩებოდი, მაგრამ ვინაიდან მივიღეთ ის რაც დავიმსახურეთ არ ვთვლი საჭიროდ, რომ ამ თემაზე გავაგრძელო დისკუსია“, - აღნიშნა პრემიერმა.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში