დაპირისპირება აშშ-ის საელჩოში

01 ივლისი 2022, 11:32 908 ნახვა

„ტვ პირველი" მიმართავს შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში, რომ დაუყოვნებლივ გაასაჯაროვოს მის ტერიტორიაზე მომხდარი თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.   საუბარია ,,ქართული ოცნების“ დეპუტატსა და ვატო წერეთელს შორის მომხდარ  ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებაზე. საელჩოს განცხადებიდან ირკვევა, რომ  მომხდარს დიპლომატიური უწყება უკვე სწავლობს.  

ტვ პირველის“ დამფუძნებლის    განცხადებით, საელჩოს ეზოში მიმდინარე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ფიზიკურად გაუსწორდნენ.  კონკრეტულად კი წერეთელი აცხადებს, მას ხელი დაარტყა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა. სწორედ ამ კადრების გასაჯაროვებას ითხოვს წერეთელი და ამ  წინადადებით  ამერიკის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანსაც მიმართა.   

კადრების გასაჯაროვების წინააღმდეგი არ არის თავად ანრი ოხანაშვილიც, რომელიც იმედოვნებს, რომ მომხდარი კამერებზე ასახულია.   

რაც შეეხება მის პოზიციას, დეპუტატი აცხადებს, რომ  ვატო წერეთლის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი, რაზეც მისი თქმით,  „მიიღო ის პასუხი, რომელსაც იმსახურებდა“. ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ  მას ვატო წერეთელმა ყურში ჩურჩულით უბინძურესი სიტყვები უთხრა, რასაც   ვერ გაიმეორებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში