თუ ვინმე ფიქრობს, რომ სანქციები ბიძინა ივანიშვილის კარნახით არ დავაწესეთ და ომშიც მისი კარნახით არ ჩავერთეთ, ძალიან ცდება - პრემიერი

12 ივლისი 2022, 11:52 785 ნახვა

თუ ვინმე ფიქრობს, რომ სანქციები ბიძინა ივანიშვილის კარნახით არ დავაწესეთ და ომშიც მისი კარნახით არ ჩავერთეთ, ძალიან ცდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

პრემიერის განცხადებით,  გუნდი არც ოპერატიულ და არც საკვანძო გადაწყვეტილებებს არ იღებს პოლიტიკიდან გასული ყოფილი ლიდერის კარნახით.

"სანქციებისა და ომის თემაზე დღეს ბევრს არ ვისაუბრებ. ჩვენი პოლიტიკური გუნდის სხვა წევრების მსგავსად, ბუნებრივია, მეც მიწევს რაღაცებს გავუფრთხილდე. ვიტყვი მხოლოდ ერთს: თუ ვინმე ფიქრობს, რომ სანქციები ბიძინა ივანიშვილის კარნახით არ დავაწესეთ და ომშიც მისი კარნახით არ ჩავერთეთ, ძალიან ცდება. გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით არავის რჩევა და კარნახი არ გვჭირდება. მიზეზი მარტივია - ჩვენც გვიყვარს ქვეყანა და საბედისწერო ომისთვის ის არც ჩვენ გვემეტება. შესაბამისად, ამ საკითხებზე გადაწყვეტილებები გუნდმა დამოუკიდებლად და სრული ერთსულოვნებით მიიღო.

როგორც უკვე აღვნიშნე, გუნდი არც ოპერატიულ და არც საკვანძო გადაწყვეტილებებს არ იღებს პოლიტიკიდან გასული ყოფილი ლიდერის კარნახით. ამ ვითარებაში, კამპანიის ავტორებმა კეთილი ინებონ და განმარტონ, რას გულისხმობენ, როდესაც ოლიგარქსა და დეოლიგარქიზაციაზე ლაპარაკობენ.

 

ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ქვეყანაში სერიოზულ როლს ასრულებს. მის ფაქტორზე საუბრისას, ქველმოქმედებას არც კი გავიხსენებ. ბიძინა ივანიშვილმა სწორედ მისი თავგანწირვითა და ახალი თამაშის წესების დამკვიდრებით მოიპოვა ის სიყვარული და პატივისცემა გუნდისგან და საზოგადოებისგან, რომელიც ჩვენს ოპონენტებს ასე ძლიერ აშფოთებთ. ბიძინა ივანიშვილის წარსულს და ამ წარსულზე დაფუძნებულ სიყვარულსა და პატივისცემას ჩვენი ოპონენტები ვერაფერს უხერხებენ, რაც მათ სასოწარკვეთილებაში აგდებს. ბიძინა ივანიშვილი ,,ნაციონალური მოძრაობისა'' და მისი ლიდერების პირდაპირი ანტიპოდია, რასაც ხალხი ძალიან კარგად ხედავს და აფასებს.

 

თუ მათთვის პრობლემა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი და, როგორც ასეთი, მისი არსებობაა, მაშინ ეს უნდა აღიარონ. თუ მათთვის პრობლემა ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებული ღირებულებები და თამაშის წესები - სამშობლოს სიყვარული და კანონის პატივისცემაა, კეთილი უნდა ინებონ და ესეც უნდა აღიარონ. ცნობიერი თუ ქვეცნობიერი იმედი იმისა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას კიდევ ერთხელ დაუდგება გვერდში, შეიძლება ჩვენს გუნდსაც ჰქონდეს და საზოგადოებასაც. თუ ჩვენი ოპონენტები პრობლემას ამაში ხედავენ, ამასაც აღიარება სჭირდება"- განმარტავს პრემიერი.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის შიდა თუ გარე პარტნიორებს ურჩევს, შეეგუონ არსებულ მოცემულობას – მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას.

"დღეს საქართველოს აქვს კარგი შედეგები ყველა მიმართულებით. რეგიონში და მთელ კონტინენტზე არსებული უმძიმესი ვითარების, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის ურთულესი გამოწვევების, რადიკალური ოპოზიციის პერმანენტული დესტრუქციის ფონზე, საქართველო ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმ თამაშის წესების დამსახურებაა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანას დაუტოვა. თუ ამას უწოდებენ ოლიგარქიზაციას და ამისათვის უნდათ ბიძინა ივანიშვილის დასჯა, ესეც პირდაპირ უნდა თქვან.

ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინ დაწერა, ბიძინა ივანიშვილმა, როგორც პოლიტიკის გროსმაისტერმა, ოპოზიცია პატურ მდგომარეობაში ჩააყენაო. მართლაც, მან ჩვენს ოპონენტებს თამაში და სვლები არ დაუტოვა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი არც თავად აკეთებს სვლებს და არც ოპონენტებს აძლევს იმის შანსს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე სვლა გააკეთონ.

რა თქმა უნდა, ამ მდგომარეობას საზოგადოების სწორი ანალიზიც უწყობს ხელს. გასული 30 წლის განმავლობაში საზოგადოებამ ძალიან დიდი გამოცდილება შეიძინა. ხალხი დღეს კარგად არჩევს შავსა და თეთრს, ,,ნაციონალური მოძრაობის'' თამაშის წესებს და ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულ თამაშის წესებს, ვის სურს ომი და ვის სურს მშვიდობა საქართველოსთვის, ვის სურს არეულობა და ვის სურს სტაბილურობა, ვის სურს რეგრესი და ვის სურს ქვეყნის წინსვლა და განვითარება. სწორედ ამიტომაა, რომ ხელისუფლებაზე მრავალი მხრიდან განხორციელებული შეტევის მიუხედავად, ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა ხალხის შეცდომაში შეყვანა და საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება ვერაფრით შეძლეს.

ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებული თამაშის წესები და საზოგადოების გამოცდილება არის ორი ფაქტორი, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს წარმატების არავითარ შანსს არ უტოვებს. ასეთ პირობებში, ,,ნაციონალურ მოძრაობას'' და მის შიდა თუ გარე პარტნიორებს ვურჩევდი, შეეგუონ არსებულ მოცემულობას - მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. მათ უნდა გაიაზრონ, რომ რამდენიც არ უნდა მოინდომონ, საქართველოს ომში ვეღარ ჩართავენ. მათ უნდა გაიაზრონ, რომ როცა სვლა არა გაქვს, უმჯობესია სტრატეგია შეცვალო და გაჩერდე, რომ თამაში ახალი პარტიისთვის მაინც დაიტოვო“, - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში