დეოლიგარქიზაციის ტერმინის გამოყენებით ხდება პირდაპირ შტურმი საქართველოზე, როგორც სახელმწიფოზე - შალვა პაპუაშვილი

12 ივლისი 2022, 14:17 866 ნახვა

ძალიან მნიშვნელოვანი და დროული მიმართვა იყო, რადგან ბოლო პერიოდში დეოლიგარქიზაციის ტერმინის გამოყენებით ხდება პირდაპირი შტურმი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ქართული დემოკრატიის შეურაცხყოფაა საუბარი, თითქოს საქართველოს ხელისუფლება სინამდვილეში სხვა ადამიანის მიერ იმართება.

„რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ განმარტება, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის ელჩის განმარტება, რომ რაც შეეხება ტერმინ დეოლიგარქიზაციას, ამაში იგულისხმება ზოგადად ეკონომიკური გავლენის მქონე ადამიანების გავლენის კონტროლი ან შემცირება ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებზე. თავის თავში ეს გულისხმობს არა ინდივიდუალურ ადამიანებს, არამედ უპირველეს ყოვლისა ინსტიტუციების გაძლიერებას. მოვისმინეთ განმარტება, რომ ეს მოხვდა სამივე ქვეყნის პრიორიტეტებში და არ არის სპეციფიურად რომელიმე ქვეყანაზე, არ არის სპეციფიურად საუბარი რომელიმე ადამიანზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო დღეებში არ წყდება, მათ შორის ევროპარლამენტის ერთ-ერთი წევრის განცხადება, კვლავ ბიძინა ივანიშვილის პირდაპირ სამიზნედ ამოღება. ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, ის ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება სინამდვილეში სხვა ადამიანის მიერ იმართება. ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა ქართული დემოკრატიის.

 

საქართველოს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავს ამ ქვეყანას. ქართული დემოკრატიის შეურაცხყოფაა იმის თქმა, რომ სინამდვილეში პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრები კი არ იღებენ გადაწყვეტილებას, არამედ სხვაგან ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება. ამას სჭირდება პასუხი. არ შეიძლება ასე უაპელაციოდ ხალხის არჩევანის შეურაცხყოფა. ქართველმა ხალხმა მანდატი მიანიჭა იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც დღეს არის ხელისუფლებაში და ამის ეჭვქვეშ დაყენება, თითქოს ეს პოლიტიკური გუნდი დამოუკიდებლად არ იღებს გადაწყვეტილებას, არის ამ პოლიტიკური გუნდის, ამ ხელისუფლების და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე განცხადებით, ბრალდებები, თითქოს ხელისუფლება არ არის დამოუკიდებელი, შეურაცხმყოფელია, იწვევს მხოლოდ პოლარიზაციის გაზრდას.

"საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს იმ პასუხისმგებლობით, რომელიც მას მიაკუთვნა კონსტიტუციამ. საქართველოს ხელისუფლების ყველა წევრი, ჩვენ ყველა ვიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენი პასუხისმგებლობით, ასეთი გარე ჩარევებისგან დამოუკიდებლად. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას და განსაკუთრებით ამ ასპექტში, რომელიც შეეხება 12 პრიორტეტს, იცით, რომ მათ შორის ევროკავშირის მხრიდან ერთ-ერთი მოწოდება არის დეპოლარიზაცია. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ასევე მოვუწოდებთ ჩვენს უცხოელ კოლეგებს, რომ მათი რიტორიკაც იყოს დეპოლარიზაციის შესაბამისი. რა თქმა უნდა, განცხადებები და კვლავ ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ ხელისუფლება, მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, დამოუკიდებელი არ ვარ და პრემიერ-მინისტრი, როგორც პრემიერ-მინისტრი არ არის დამოუკიდებელი, ასეთი რიტორიკა შეურაცხმყოფელია, იწვევს მხოლოდ ქვეყნის შიგნით პოლარიზაციის გაზრდას. ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, მათ შორის ევროპელ პოლიტიკოსებს, რომ თავი შეიკავონ ამგვარი რიტორიკისგან.

მთელი არსი იმაშია, რომ არ იმსახურებს არც საქართველოს ხელისუფლება, არც საქართველო, როგორც სახელმწიფო და არც ქართველი ამომრჩეველი ამ შეფასებას. კიდევ ერთხელ გაიხსენეთ ყველა ის განცხადება, აღიდგინეთ ყველა სიტყვა და თქვით, ითქვა თუ არა ერთი ფაქტი მაინც ქართულ ხელისუფლებაზე ამ ზეგავლენისა. აქაც კიდევ ერთხელ საქმე გვაქვს აღქმების სამყაროსთან, რომელიც სრულად დაფუძნებულია სპეკულაციებს. საბოლოო ჯამში ასეთ განცხადებებს მივყავართ დეზინფორმაციისკენ და პოლარიზაციის გაზრდისკენ. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწდოებ ყველას, დაასახელონ ფაქტები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში