მიმაჩნია, რომ სესია არის სრულიად გამართლებული, გამართლებული არ არის ახლა შესვენება - სალომე ზურაბიშვილი

15 ივლისი 2022, 18:17 1370 ნახვა

ხელი მოვაწერე განკარგულებას,  რიგგარეშე სესიის დანიშვნის თაობაზე - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, განკარგულებაზე ხელი ზეწოლისა და ბულინგის შედეგად არ მოუწერია. მიიჩნევს, რომ დღეს ქვეყნის წინაშე ყველაზე დიდი გამოწვევა დგას და ეს ევროკავშირის 12 რეკომენდაციაა.

"მოვაწერე ხელი იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე ყველაზე დიდი გამოწვევა არის 12 რეკომენდაცია, რომელიც მივიღეთ ევროკომისიისგან და ჩვენ ეს უნდა შევასრულოთ 6 თვეში ან 7 თვეში, თუ რაც იქნება, ეს არის ჩვენი დღევანდელი ყველაზე დიდი გამოწვევა.

ამდენად, მიმაჩნია, რომ სესია არის სრულიად გამართლებული, გამართლებული არ არის ახლა შესვენება, კომიტეტები და კომისიები ასევე არის გამართლებული. მე მოვუწოდებ ყველას, ოპოზიციასაც და უმრავლესობას, რომ მონაწილეობა მიიღონ სრულად ყველაფერში. ჩვენ უნდა ყველა ძალისხმევა მოვახმაროთ იმისთვის, რომ ყველა კანონი, რაც მისაღებია, მივიღოთ დროულად, ყველა ის საკითხები და პირველ რიგში, დეპოლარიზაციის საკითხი, ჩვენ ერთად ყოფნით და დიალოგით და პარლამენტში ყოფნით უნდა გადავწყვიტოთ.

ეს არის ამ ქვეყნის ერთადერთი პერსპექტივა, ის პერსპექტივა, რომელიც მივიღეთ და არავის აქვს უფლება, რომ ამ პერსპექტივიდან და გზიდან გადაგვიყვანოს"-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში