მივმართავ ხელისუფლებას, არის რაღაცები რაც არ შეიძლება ითქვას, ბრალდებები იმაზე, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს და ომს, ეს არის მიუღებელი - პრეზიდენტი

20 ივლისი 2022, 14:20 700 ნახვა

თბილისში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპული პერსპექტივა, რომელიც მოგვენიჭა არის უაღრესად მნიშვნელოვანი.

" ზოგჯერ, ჩვენ გვავიწყდება, რომ ეს არის ნაბიჯი, რომლიდან უკან დახევაც არ იქნება, მაგრამ ჩვენგან მოითხოვს, რომ ამ ევროპული პერსპექტივის ღირსნი ვიყოთ. მეორე მხრივ, უახლოესი მომავლისთვის, შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, არის განცხადება, რომ ჩვენ წლის ბოლოს მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, თუკი ჩვენ იმ მთავარ რეკომენდაციებს შევასრულებთ, რომელთაც 12 პუნქტს ვუწოდებთ.

ამაზე მუშაობა, ჯერ ერთი, უნდა დაიწყოს ბრიუსელში, ველოდები რომ აქედან წავიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რათა კომისიასთან ზოგიერთი დეტალი გაარკვიონ - როგორ უნდა შესრულდეს ამ პუნქტების ზოგი ნაწილი. მუშაობა უნდა დაიწყოს პარლამენტში და მე, ამისთვის, ხელი მოვაწერე განცხადებას, რომ საზაფხულო სესია შედგეს. როცა ჩვენ 6 თვე გვაქვს, სრულიად გაუგებარია, და მგონი, ჩვენი ევროპარლამენტარი მეგობრებისთვისაც, გაუგებარია, რომ ჩვენ ახლავე არ დავიწყოთ მუშაობა. კიდევ ერთხელ, ხაზს გავუსვამ, რომ ერთად მუშაობა ნიშნავს პარლამენტში სესიის ფორმით, პლენარულ სხდომაზე ან კომიტეტებში და ასევე, ხელისუფლების, უმრავლესობის მიერ წარდგენილ სამუშაო ჯგუფებში მუშაობას.

ყველამ ყველგან უნდა იმუშაოს, თუ ჩვენ რეალურად გვინდა ის, რასაც ჩვენი საზოგადოების 85% უჭერს მხარს. მხოლოდ ერთად მუშაობა, იმის გარკვევა, რაში ვეთანხმებით ერთმანეთს და რაში - არა, ეს ცალ-ცალკე არ ხდება, ეს ყველასთვის ძალიან მარტივად გასაგებია. აქ, პირველ რიგში, უმრავლესობის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მათ ხელშია კანდიდატობის მიღწევა, ასევე, ამას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ყველაფერზე ოპონირებას არ დაიწყებს...

საჭიროა, რომ ჩვენ გადავიდეთ ერთმანეთთან ჭიდილიდან დიალოგზე, რომელიც არა მხოლოდ შიგნით არის, არამედ გარეთაცაა და ჩვენ მოგვისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინგპონგი, მე ისიც ვთქვი, რომ შეიძლება ზოგჯერ სჯობდეს, რომ პასუხები არ იყოს და მოვუწოდე, რომ გადავიყვანოთ ეს დიალოგი სხვა ფორმებში. მაგრამ მივმართავ ხელისუფლებას, არის რაღაცები რაც არ შეიძლება ითქვას, არის რაღაც ბრალდებები, მაგალითად იმაზე, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს და ომს, ეს არის მიუღებელი. არ შეიძლება ამ პირობებში დავიწყოთ რაიმე სახის დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ ჩამოდიან იმისთვის, რომ ყველანაირად გვაჩვენონ, რომ მხარს უჭერენ ამ ჩვენ ძალიან რთულ პროცესს, რომელიც მიგვიყვანს კანდიდატის სტატუსამდე"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ასევე, სახალხო დამცველს, არასამთავრობო სექტორს, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში