RELIZI ROYKSOPP SOUNDCLOUD - FM ფანტაზიები
ერთგულმა მსმენელმა იცის, რომ ყოველი თვის ბოლო შაბათ-კვირას, სპეციალურ რუბრიკაში „რელიზი“ ეთერს ვუთმობთ ახალ ალბომებს. ამჯერად, წარმოგიდგენთ 2022 წლის, განსაკუთრებულ ნამუშევარს, რომელსაც მუსიკალური საზოგადოება საერთოდ არ მოელოდა. ნორვეგიული კოლექტივის, ელექტრონული მუსიკის უკვე ვეტერანი გაერთიანების Röyksopp-ის, ფაქტობრივად, ნამდვილ სიურპრიზს მუსიკის მოყვარულთათვის... საქმე იმაშია, რომ 2014 წელს დუეტმა უარი განაცხადა სრულმეტრაჟიანი ალბომის ფორმატზე. იმ პერიოდიდან მხოლოდ ცალკეულ ტრეკებსა და კომპილაციურ კრებულებს უშვებდა. თუმცა, როგორც ამჯერად აღნიშნეს, "Profound Mysteries" სულაც არ არის ალბომი, არამედ კონცეპტუალური პროექტია, რომელიც უბრალოდ, მათ შემოქმედებით სამყაროს აფართოებს. ისინი რვა წელი დუმდნენ, მიმდინარე წელს კი ორი ალბომი Profound Mysteries და Profound Mysteries II გამოსცეს, კიდევ ერთის რელიზი მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოსკენ იგეგმება.
ტრილოგიის თითოეულ ნაწილი ათ-ათი კომპოზიციისგან შედგება, ხმათა პალიტრა და ჟღერადობის ესთეტიკა ჯგუფისთვის სახასიათო ევროპულ რეივს აერთიანებს, ანუ კარიერის დასაწყისში აღებულ კლუბურ ტენდენციებს, სინთ-პოპს, ოთხმოციანი წლების ექსპერიმენტულ ელექტრონიკასა და დისკო მიმართულებასაც კი. ჩანაწერის შექმნაში ჯგუფ გოლდფრაპის ვოკალისტი ელისონ გოლდფრაპი და პოპულარული ნორვეგიელი მომღერლები ასტრიდ ესი და სიუზან სუფნერი მონაწილეობენ. დუეტმა, ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ გამოაცხადა, რომ ახალი პროექტი კონცეპტუალური იქნებოდა და რომ თითოეულ სიმღერას თან დაერთვებოდა ვიზუალიზაცია, რომელიც წარმოადგენდა რაიმე სახის არტეფაქტებს. ასე შეიქმნა ალბომის გარშემო უჩვეულო ობიექტებით აღსავსე სამყარო, რომელიც მელომანებს არა მხოლოდ აუდიო, არამედ ვიზუალური მხრიდანაც იზიდავს. დუეტი Röyksopp 1998 წელს ორმა ნორვეგიელმა ტორნბიონ ბრუნდტლანდმა (Thorbjon Brundtland) და სვეინ ბერგმა (Svein Berg) ჩამოაყალიბეს.
შემადგენლობა არასოდეს შეცვლილა, რაც ნამდვილად გასაკვირია, რადგან მსგავსი პროექტის ფარგლებში იშვიათია, როცა მუსიკოსები ურთიერთთანამშრომლობას საუკუნის მეოთხედზე მეტ ხანს აგრძელებენ. კრიტიკულმა პრესამ "Profound Mysteries" მხოლოდ დადებითი კომენტარებით შეაფასა. განსაკუთრებით აღნიშნეს და შეაქეს მისი ინსტრუმენტული კომპონენტი. როიქსოპის მუსიკოსთა წარმტაცი და გამომხატველობითი მულტიმედიური სამყარო არა მხოლოდ ჯგუფის თაყვანისმცემლებს, არამედ განსხვავებული ჟანრის მოყვარულ მსმენელებსაც მოეწონათ. მათი აზრით, ალბომი იდეალურია სეირნობისას მოსასმენად ან მყუდრო საღამოებისთვის... ამ გადაცემაში მოუსმენთ სიმღერათა ნაწყვეტებს ორივე ალბომიდან.