აფრო-კუბური ჯაზი -კარიბის ზღვის აუზის მუსიკალური ენა

12 მარტი 2023, 11:05 3295 ნახვა

აფრო-კუბური ჯაზი -კარიბის ზღვის აუზის მუსიკალური ენა

სტილი, რომელიც, ალბათ, ჯაზში ლათინური ელემენტის შეზავების პირველი მაგალითია. ეს 40-იანი წლების დასაწყისია. უკვე შემდეგ გამოჩნდება სტენ გეტცი, სრულიადნ უნიკალური საქსაფონისტი, იპანემადან დაბერილ ბრაზილიურ ბოსა ნოვას რომ ამერიკაში აკურთხებს. ეს ცხელი ამბები 60-იანი წლების ისტორიაა მეტწილად. კუბაში აგიზგიზებული აფრო-კუბური ცეცხლი კი 1943 წელს, ამერიკაში დაინთება. ამ კუნძულიდან მუსიკალური გადინება გაამდიდრებს ჯაზს და აჩუქებს ძალიან დიდგზა გამოვლილ რიტმებს, რომელიც აფრიკიდან კარიბის აუზის ქვეყნებში, ამ შემთხვევაში კუბაში დაყოვნდა, შეხორცდა ადგილობრივი მუსიკალურ ენასთან და გზა განაგრძო. ეს დიდი პროცესი იყო და ასე იხარშებოდა ჯადოსნურ ბგერათა ქვაბში ახალი ჟღერადობა.