მუსიკა ეროტიკული ფილმებიდან - მე 2 ნაწილი | FM - ფანტაზიები | 01.12.2025

01 დეკემბერი 2025, 14:13 16 ნახვა

მუსიკა ეროტიკული ფილმებიდან - მე 2 ნაწილი | FM - ფანტაზიები | 01.12.2025

მისალმება... სექსი კარგად იყიდება და ეს ფაქტია... დარწმუნებული ვარ, თითოეულ ჩვენგანს გვეგულება კომპოზიციები, რომელთა გაგონებისას ტანში ჟრუანტელი გვივლის, გვბურძგლავს, სისხლი უფრო სწრაფად მიედინება ძარღვებში, გახშირებულ გულისცემას შევიგრძნობთ და ცოტათი სუნთქვაც გვეკვრის... არ ვგულისხმობ მსოფლიო პოპ-ჰიტებს... მხედველობაში მაქვს, სიმღერები, რომლებიც ჩვენი მძვინვარე ინტიმური ემოციების იდეალური მუსიკალური განსახიერებაა... „FM ფანტაზიებში“ წარმოგიდგენთ ყველაზე სექსუალურ კომპოზიციებს, აქვეა საუნდტრეკებიც სახელგანთქმული ეროტიკული ფილმებიდან... მოდით, ვნებათა ამ ფონოგრამებით დღეს გავამდიდროთ, გავამრავალფეროვნოთ, თქვენი ფლეილისტი, განკუთვნილი, თქვენივე ცხოვრების ყველაზე ვნებიანი მომენტებისთვის...

Paradise - “Main Titles” from ‘Wild Orchid’ [1989]

ეს იყო სასიყვარულო თემა ზალმან კინგის 1989 წლის ეროტიკული მელოდრამიდან „ველური ორქიდეა“... მუსიკა ფილმებში უმნიშვნელოვანესია, ჯერ კიდევ მუნჯი ფილმების პერიოდიდან. „მოძრავ ფოტოებს“ მაშინ მსუბუქი, გასართობი მოტივები ახლდა, პროექტორის ხმამაღალი ხმაური გადასაფარად. და რას ნიშნავს დღეს კინოფილმისთვის მუსიკა? თითქოს მას, მეორეხარისხოვანი როლი ენიჭება... მაგრამ თუკი კარგად ჩავუფიქრდებით?!... გქონიათ შემთხვევა, როცა უყურეთ ფილმს, სადაც ვითომ ყველაფერი მოწოდების სიმაღლეზეა - სიუჟეტიც, პერსონაჟებიც, მაგრამ კინოთეატრი მაინც შთაბეჭდილებათა დანაკლისით დატოვეთ?... ან პირიქით, კინოსურათს, რომელიც დიდად არ ბრწყინავს გადმოცემის ნოვატორული ხერხებითა და სამსახიობო გუნდით, მოჯადოვებულებმა უყურეთ, თითქოს მისი ესა თუ ის სცენა, ღრმად, საკუთარი სხეულით განიცადეთ... პირადად მე, მქონია მსგავსი... და დანამდვილებით ვიცი, რომ ეს, გარკვეულწილად, მუსიკის ბრალია...
George S. Clinton – „Red Shoe Requiem“ from
Red Shoe Diaries’ [1992]

ეს იყო ბერკლის მუსიკის კოლეჯის კინომუსიკის განყოფილების თავმჯდომარის, რამდენიმე კინომუსიკალური ჯილდოს BMI-ს მფლობელისა და გრემისა და ემიზე რამდენჯერმე ნომინირებული კომპოზიტორის ჯორჯ სტენლი კლინტონის მუსიკალური თემა ეროტიკული სერიალიდან “წითელი ფეხსაცმლის დღიურები”, რომლის რეჟისორიც ზალმან კინგია. ამ კომპოზიტორის მუსიკალური სტილი: აერთიანებს ორკესტრულ არანჟირებებს პოპულარულ მუსიკასთან (როკი, ჯაზი) და ოსტატურად მუშაობს სხვადასხვა ჟანრში. დაწერილი აქვს მუსიკა 100-ზე მეტი ფილმისა და სატელევიზიო სერიალისთვის. მისი რამდენიმე აღსანიშნავი საუნდტრეკი: “ოსტინ პაუერსი” და მისი გაგრძელებები, “Mortal Kombat-ი”, “Wild Things”...
George S. Clinton – „After Tonight“ from ‘Wild Things’ [1998]

Richie Sambora – “You Never Really Know“ from ‘Red Shoe Diaries’ [1992]
დავუბრუნდები ზალმან კინგის ეროტიკულ-დრამატულ ანთოლოგიას „Red Shoe Diary” - წითელი ფეხსაცმლის დღიურები დათარიღებული 1992-დან 1997 წლამდე. 30 წუთიანი სერიები გვიჩვენებდა მთავარი გმირის, ჯეიკ ვინტერსის (რომელსაც ფილმში დევიდ დუხოვნი განასახიერებდა), საცოლის, ალექსის, გარდაცვალების შემდეგ აღმოჩენილ წითლად შეფუთულ დღიურს. დღიური აღწერს მის საიდუმლო სასიყვარულო რომანებს, ვნებებს და რომანტიკულ გამოცდილებას, რომელთა შესახებაც ჯეიკმა ალექსის სიცოცხლეში არაფერი იცოდა. დღიური თავად ხდება ცენტრალური ელემენტი, რომლის გარშემოც სხვადასხვა ისტორიაა აგებული: თითოეულ ეპიზოდში ახალი ქალი, ახალი ისტორიაა წარმოდგენილი. სერიალი ანთოლოგიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეპიზოდების უმეტესობა დამოუკიდებელი ისტორიებია, რომლებსაც აერთიანებს ეროტიკული გამოცდილება, რომანტიკისა და თვითშემეცნების თემებით. თუმცა, სერიალს წინ უძღოდა სრულმეტრაჟიანი ფილმი „წითელი ფეხსაცმლის დღიურები“ (1992), რომელშიც რეჟისურა ზალმან კინგს, ხოლო მუსიკა ჯორჯ ეს. კლინტონს ეკუთვნის.
George S. Clinton – “Midnight Bells” from ‘Red Shoe Diaries’ [1993]

ჯერ კიდევ ანტიკური თეატრის პერიოდში იქცა მუსიკა დრამის განუყოფელ ნაწილად - იმდენად ძლიერ, რომ სამომავლოდ გადაიზარდა ოპერასა და ბალეტში... თეატრალურ პიესებში მუსიკა მოკრძალებულად იყო წარმოდგენილი, მაგრამ ენიჭებოდა უმნიშვნელოვანესი როლი - ემოციურად უნდა დაესრულებინა სცენაზე მომხდარი... დიალოგებისა თუ მონოლოგების დროს, სწორედ ფონური მუსიკა, აერთიანებს გმირის გრძნობებსა და მაყურებელს...
George S. Clinton – “Opening Titles“ from ‘Delta Of Venus’ [1995]

პირადად მე, ფილმის შეფასებისას, მაქვს ერთ-ერთი ასეთი, ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმი - კინოსურათის, ასე ვთქვათ, „ატმოსფერულობა“. რომელსაც პეიზაჟებთან, დეკორაციებთან, კოსტიუმებთან ერთად  უბადლოდ შერჩეული მუსიკა ქმნის. ზოგჯერ ის არის დაკარგული ფაზლი, რის გამოც თითქოსდა ხარისხიანი ფილმი, თქვენი გულისკენ მიმავალ გზაზე ბუქსირებს. მუსიკა - იმ ყველაფრის თანმხლებია, რისი თქმაც რეჟისორს უნდა. სხვათაშორის, ხშირად ეს ურთიერთთანამშრომლობა, ყველასათვის მომგებიანი ყოფილა. რამდენი სახელგანთქმული სიმღერაა, რომელთა გაგონებისას, საყვარელ ფილმთან ასოციაციის გამო, აღტაცებით წამოიყვირებთ ხოლმე? და კლასიკა? კინემატოგრაფის წყალობით იგი ხომ თითქოს ხელახლა იბადება. მოკლედ, ორკესტრი - პომპეზური მომენტისთვის, სოლო-ინსტრუმენტი - ინტიმურობისა და ლირიზმისთვის, სინთეტიკური მოტივები - სიტუაციის მეტი სიმძაფრისთვის, ან უბრალოდ, იდეალურად მორგებული საუნდტრეკი, რომელიც უსათუოდ კარგა ხანს დაგამახსოვრდებათ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ყველაფერი მუსიკის გარეშე წარმოუდგენელია... და რაც მთავარია, როგორც ამბობენ, საჭირო დროს, საჭირო ადგილზე...
George S. Clinton – „Love 1“ from ‘Delta Of Venus’ [1995]

Zucchero – „You're Losing Me“ fromRed Shoe Diaries’ [1992]

Chris Isaak – „Baby Did A Bad, Bad Thing“ from ‘Eyes Wide Shut’ [1999]
ახლა ჩვენ უფრო იდუმალ, პირქუში ელფერის მქონე ფანტაზიებს ჩავუღრმავდებით — სტენლი კუბრიკის ფილმი „ფართოდ დახუჭული თვალები“ ​​(1999), სექსუალურ სურვილსა და ძალაუფლებაზე და მისი ერთ-ერთი ძირითადი მუსიკალური თემა - ჯოსლინ პუკის კომპოზიცია სახელწოდებით The Masked Ball „შენიღბული მეჯლისი“. იგი უბრალოდ მუსიკა არ არის; სრული ჩაძირვაა სამყაროში, სადაც ფანტაზიასა და რეალობას შორის ზღვარი ბუნდოვანია. სიმებიანი საკრავები შემაშფოთებლად ჟღერს, დისონანსური ტონები ქმნის საფრთხის განცდას, რომელიც იდეალურად ერგება ფილმის არასტაბილურ სამყაროს, სადაც სექსუალური საიდუმლოებები ნიღბების მიღმაა დამალული. ეს არის საუნდტრეკი, რომელიც გაგრძნობინებთ, რომ შედიხართ სამყაროში, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს და საიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელია. რეალურად ჩანაწერი რუმინულ ენაზე შესრულებული მართლმადიდებლური ლიტურგიის ფრაგმენტია, რევერსით დაკრული, რაც მეტაფორულად, გაუკუღმართებულ ყოფიერებას ასახავს, რითიც ქმნის გაუცხოებისა და მისტიციზმის განცდას. თავად რეჟისორსა და მუსიკოსს სურდათ ასე, მუსიკა „ქვეცნობიერში“ დარჩენილიყო და დიალოგიდან ყურადღება არ გადაეტანა.
Jocelyn Pook  - “The Masked Ball” from ‘Eyes Wide Shut’ [1999]

Graeme Revell – “Main Title” from ‘Body of Evidence’ [1992]
ვუსმენდით შესავალ თემას 1993 წლის კინოფილმიდან ‘Body of Evidence’ [1993]. მასში უილემ დეფო თამაშობს ადვოკატს, რომელიც წარმოადგენს გალერეის მფლობელისა და დომინანტი ქალის, მადონას მიერ განსახიერებული რებეკა კარლსონის ინტერესებს, ამ უკანასკნელს ბრალი ედება საყვარლის სექსუალური ძალადობით მკვლელობაში. ეს კინოსურათი დაბალრეიტინგულია, ნეგატიური გამოხმაურება დეფომ შემდეგნაირად დაიცვა, ვციტირებ: „ფილმი არაშესაფერის დროს გამოვიდა და არასწორადაც იყო მოწოდებული. არსებითად, სასამართლო პროცესის შაბლონით მონათხრობი, ძველმოდური სტილის კინოა. ძალიან მომეწონა მასზე მუშაობა. ვთამაშობ როლს, რომელიც, როგორც წესი, ქალებს ენიჭებათ, აქ კი ქალი, პირიქით, დომინანტი მამაკაცის პოზიციიდანაა განსახიერებული. სამწუხაროდ,ფილმის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა დაჩრდილა მისი არსი - თუნდაც მათთვის, ვისაც ის არც კი უნახავთ“. მომდევნო კომპოზიცია სათაურით: The Passion Theme ეკუთვნის ახალზელანდიელ კომპოზიტორს  გრემ რეველს. თავის საუნდტრეკებში ის ხშირად აერთიანებს ელექტრონულ ელემენტებს კლასიკურ ინსტრუმენტებთან. „Body of Evidence“-ის საუნდტრეკი მისი 1990-იანი წლების დასაწყისის შემოქმედების ნაწილია. კონკრეტულად ამ კინოფილმში მისი მუსიკის როლი სცენების ემოციური, ვნებიანი ან შემაშფოთებელი ბუნების გაძლიერებაა, ხოლო თანამშრომლობა: ჯეფ სილბარისა და უორენ ჰილთან იმაზე მიუთითებს, რომ თემა არ არის უბრალოდ კლასიკური საუნდტრეკის კომპოზიცია, არამედ უფრო „პოპ-ჯაზ/ლირიკული“ მელოდიაა. რეველი, რომელიც ფილმებისთვის წერს, ხშირად თემებს ემოციურ მოტივებზე აგებს. მისი დამახასიათებელი სტილი ორკესტრული მოტივებისა და სინთეზატორების ან ელექტრონული თემების კომბინაციაა, რაც ხელს უწყობს ღრმა, ოდნავ პირქუშ ატმოსფეროს შექმნას.
Graeme Revell – “The Passion Theme” from ‘Body of Evidence’ [1992]

+ My Life With The Thrill Kill Kult – „Somebody New“ from ‘Showgirls’ [1993] 
დღევანდელი „ფმ ფანტაზიების“ ეთერს კი დაასრულებს გენიალური რეჟისორის პოლ ვერჰოუვენის  გახმაურებული კინოსურათის „Showgirls-ის“, ერთ-ერთი სახასიათო მუსიკალური თემა “Wasted Time” My Life With The Thrill Kill Kult –ის შესრულებით. ფილმში კომპოზიცია თითქმის სრული ქრონომეტრაჟით ჟღერს - 4 წუთამდე. My Life With The Thrill Kill Kult ჩიკაგოში დაფუძნებული  ელექტრო-ინდუსტრიული მიმდინარეობის ჯგუფია, Showgirls-ში მათი 2 კომპოზიცია ჟღერს. პირველი ჩემი საუბრის დაწყებამდე მოისმინეთ. რაც შეეხება საფინალო ტრეკის მნიშვნელობასა და შინაარსს… სიმღერა გადმოცემს ღამის ცხოვრების ატმოსფეროს, ცდუნებას, საფრთხეს და შინაგან ხრწნას — ყველაფერი ეს Thrill Kill Kult-ის საფირმო სტილში. აღწერილია: ხორციელი სიამოვნებები, სიბილწე და თვითგანადგურება ვნებით… და ახასიათებს ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებას კლუბებში, ნეონის, სექსისა და ნარკოტიკების ფონზე ფლანგავენ. სათაურიც “Wasted Time” „დროის კარგვა“ პირდაპირი მინიშნებაა: პერსონაჟები თავად აცნობიერებენ, რომ ცხოვრებას ფუჭად კარგავენ, მაგრამ მაინც აგრძელებენ ამ ციკლს. დაუვიწყარ ატმოსფეროს ქმნის ჟღერადობა: პირქუში კაბარე-ინდუსტრიულია: მსუყე ელექტრო-რიტმები, ხისტი სინთეზატორები, მიმზიდველი, ამასთან მგზნებარე და სახიფათო ენერგია. გამოყენებულია სექსუალიზებული, დეკადენტური სტილი, რაც იდეალურად შეესაბამება ამ ფილმის ესთეტიკას. ამბავი მოთხრობილია ღამის ცხოვრებით მოტრფიალე ადამიანის გადმოსახედიდან, იგი ეძებს მღელვარებას და ცდილობს თავდავიწყებას. მას „თვითკონტროლის დაკარგვისა“ და „შეგრძნებათა წყურვილის“ მოტივი ასაზრდოებს. გმირი ეკითხება საკუთარ თავს, ღირს თუ არა ცხოვრების ეს წესი მისი ენერგიის, დროისა და სულიერების ხარჯვად? აცნობიერებს, რომ ზოგჯერ ადამიანები, რომლებიც შიგნიდან ლპებიან, გარედან ლამაზად გამოიყურებიან. ეს ყველაფერი დროის ფუჭად კარგვაა, მაგრამ შეჩერება შეუძლებელია. ტრეკი დაუსრულებელი წრის შეგრძნებას ტოვებს: გმირი ხვდება მიმდინარე მოვლენების სიცარიელეს, მაგრამ აგრძელებს მასში ცხოვრებას და მორიგ ჯერზე  უბრუნდება ამ მაცდურ, დამანგრეველ სამყაროს.
My Life With The Thrill Kill Kult – “Wasted Time” from ‘Showgirls’ [1993] 

ასე მთავრდება ჩვენი მოგზაურობა ეროტიკული კინომუსიკის სამყაროში. ეს ტრეკები უბრალოდ სიმღერები არ არის. ისინი სურვილის, მგზნებარებისა და ჯერ არ გაგონილი ემოციების ხმებია, რომლებიც ჰაერში ეკრანის ჩაბნელების შემდეგაც კი, დიდი, ძალიან დიდი ხნით რჩება. მადლობა, რომ ეს მომენტები ჩემთან ერთად გაიზიარეთ. დაე, მუსიკა იყოს თქვენი მეგზური ცდუნებებით აღსავსე ღამეებში… შევხვდებით.