The Rolling Stones-ის ლოგოს ისტორია. ყველაფერი გრეის ჯონსის შესახებ

30 იანვარი 2021, 15:52 3695 ნახვა

The Rolling Stones-ის ლოგოს ისტორია. ყველაფერი გრეის ჯონსის შესახებ

ორიგინალური და განუმეორებელი დიზაინის, საკულტო ლოგოტიპის შესახებ მინდა გიამბოთ, რომელიც მწირი საფასურის სანაცვლოდ, მოკრძალებულ სტილშია შესრულებული და რომელიც მოგვიანებით Rock&Roll-ის სიმბოლოდ იქცა. სავაჭრო ნიშანი უკვე 40 წელზე მეტია, გაბედული ამბოხის სიმბოლოდ მიიჩნევა... იმ მცირეოდენ ჯგუფთაგან ერთ-ერთის სიმბოლოდ, რომლის ნიჭს, დაარსებიდან დღემდე, უკვე ათწლეულებია, თაყვანისმცემლები გაოგნებამდე მიჰყავს. როკ-სცენის ამ ტიტანთა მუსიკა თავისუფლების მკვეთრად გამოხატული სულისკვეთებითაა ცნობილი. მართლაც, ამ გიჟური შემოქმედებისა და ჯგუფის წევრთა ძლიერი ნებისყოფის იდეალური ასახვაა მუსიკის ისტორიაში ყველაზე ცნობილი, ჭეშმარიტად ლეგენდარული ბენდის როლინგ სთოუნზის ლოგო - „ენისა და ტუჩების“ გამოსახულებით.

ყველაფერი გრეის ჯონსის შესახებ...

იამაიკელი მომღერალი, მოდელი, მსახიობი, კომპოზიციათა ავტორი, 70-80იანი წლების ბომონდის წარმომადგენელი, რომელიც სტილის განსახიერებად შოუ-ბიზნესში გამოჩენისთანავე იქცა - შოკისმომგვრელი კოსტიუმები, ექსტრავაგანტული ვარცხნილობები, ექსცენტრული ქცევა. ენდი უორჰოლის მუზა, გლამურული და მეომარი, უკვე ათწლეულებია, მედიავარსკვლავად რჩება. მისი უიშვიათესი ვოკალური დიაპაზონი - კონტრალტო (ანუ ქალის ხმისთვის ყველაზე დაბალი ნოტები) ნებისმიერი მელომანისთვის ადვილად გამოსაცნობია, ხოლო მისი ანდროგენული გარეგნობა არაერთხელ გამხდარა ჭორებისა თუ მითქმა-მოთქმის მთავარი თემა.