არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ომში ჩართვაზე - კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე

28 ივლისი 2022, 10:59 1258 ნახვა

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს 21 მარტს შეხვდა და მათ შორის არასდროს ყოფილა საუბარი საქართველოს ომში ჩართვაზე - ამის შესახებ კელი დეგნანმა "ინტერპრესნიუსთან" ისაუბრა.

"როგორც წესი, ჩვენ პრესასთან არ ვსაუბრობთ პირად შეხვედრებზე, მაგრამ როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, მას ბოლოს 21 მარტს შევხვდი, რის შემდეგაც საკმაო დრო გავიდა. ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერად. მოდით ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ აღარავის დარჩეს შეკითხვები - არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბ-ნ ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. ამ საკითხებზე მას ან იმ კონკრეტულ ბანკებს უნდა მიმართოთ.

როდესაც შეერთებული შტატები ფინანსურ სანქციებს აწესებს, ჩვენ მათ საჯაროდ ვაცხადებთ. სახაზინო დეპარტამენტის ვებ-საიტზე არის საძიებო სია, სადაც ბანკებს, მედიას და ფართო საზოგადოებას შეუძლიათ შეამოწმონ, ვინ ექვემდებარება და არ ექვემდებარება ფინანსურ სანქციებს. შვეიცარიის საბანკო ანგარიშების ნებისმიერი განხილვა, გულწრფელად, არის ყურადღების გადატანა მნიშვნელოვანი სამუშაოდან. როგორც ბ-ნმა ივანიშვილმა 27 ივლისის განცხადებაში აღნიშნა, ეს არის კერძო საქმე მასსა და ფინანსურ ინსტიტუტს შორის“, - განაცხადა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში.

"ქართული ოცნების" დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, წერილი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ 21 მარტს აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს შეხვდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში