ბიჭვინთა, აფხაზეთი და სამაჩაბლო არის დროებით ოკუპირებული რუსეთის მიერ, ჩვენი გონივრული პოლიტიკით ქვეყანას გავაერთიანებთ - პრემიერი

29 ივლისი 2022, 15:14 994 ნახვა

არა მხოლოდ ბიჭვინთა, არამედ მთელი აფხაზეთი და სამაჩაბლო არის დროებით ოკუპირებული რუსეთის მიერ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერის თქმით, მმართველი გუნდი მისი გონივრული პოლიტიკით ქვეყანას გააერთიანებს.

"მინდა, გითხრათ მთავარი, არა მხოლოდ ბიჭვინთა, არამედ მთელი აფხაზეთი, ჩვენი ძირძველი, ისტორიული ტერიტორია და სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი, არის დროებით ოკუპირებული რუსეთის მხრიდან. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მე მოვუწოდებდი პოლიტიკოსებს, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ. მე მათ შევახსენებდი, რომ სწორედ მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომ დავკარგეთ 100-ზე მეტი სოფელი და კოდორის ხეობა, რომელსაც არავითარი შემხებლობა არ ჰქონდა ამ კონფლიქტთან. ჩვენ ჩვენი გონივრული პოლიტიკით ვაკეთებთ იმას, რომ ქვეყანაში შენარჩუნებულია სიმშვიდე, სიწყნარე, სტაბილურობა. ჩვენ ჩვენი ასეთივე გონივრული პოლიტიკით ჩვენს ქვეყანას გავაერთიანებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების პროექტით, 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება გახდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით კი რუსეთს 49- წლიანი იჯარით გადაეცემა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში