შინდისის გმირები - 14 წელი ბრძოლიდან

11 აგვისტო 2022, 16:52 1902 ნახვა

შინდისის ბრძოლიდან 14 წელი გავიდა. შინდისის ბრძოლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდია აგვისტოს ომის ქრონიკაში. 2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან. ბრძოლა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ამ დღეს ბრძოლაში ქვედანაყოფის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

  • ალექსანდრე ონიანი,
  • ემზარ წილოსანი,
  • ვეფხია ჯიშკარიანი,
  • ზვიად კაცაძე,
  • თეიმურაზ ბერიძე,
  • ილია გაბუნია,
  • ილია შეყლაშვილი,
  • ირაკლი ჯანელიძე,
  • კახა კოშაძე,
  • ლევან მელქაძე,
  • მარლენ ბარამია,
  • მიხეილ დვალიშვილი,
  • ნიკოლოზ ფორჩხიძე,
  • რომან ზოიძე,
  • რუსლან წულაძე,
  • ფელიქს კაკაურიძე,
  • შმაგი კუპატაძე.

ქართველი მეომრები სოფელ შინდისთან ბრძოლაში ავტომატებით ჩაებნენ, რასაც მხოლოდ 5 ქართველი ჯარისკაცი გადაურჩა. გმირული ბრძოლის გამო რუსმა კაპიტანმა გენერალიტეტიდან დახმარება ორჯერ ითხოვა.

შინდისის ბრძოლის ნაწილია ნათლიისაა და ნათლულის ისტორია. უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი მტერს არ დანებდა და ნათლულ, კაპრალ რომან ზოიძესთან ერთად თავი ყუმბარით აიფეთქა. ალექსანდრე ონიანი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, რომან ზოიძე კი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. 

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია. 

შინდისის გმირების შესახებ, რეჟისორმა დიტო ცინცაძემ  2019 წელს გადაიღო ფილმი "შინდისი“, რომელიც საქართველოს მიერ წარდგენილი იყო "ოსკარის" უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში