შედგება თუ არა ზელენსკი-პუტინის პირისპირ შეხვედრა - ერდოღანი შუამავალია

18 აგვისტო 2022, 19:07 851 ნახვა

უკრაინაში ქალაქ ლვოვში, რომელიც პოლონეთის საზღვართან მდებარეობს, თურქეთის პრეზიდენტს, გაერო-ს გენერალურ მდივანსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. პოტოცკის ისტორიულ სასახლეში შეხვედრა პრესისთვის დახურული იყო და 40 წუთს გაგრძელდა. მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ის ნაბიჯების განიხილეს, რომლებიც თითქმის 6 თვიანი ომის დიპლომატიურად დასასრულებლად უნდა გადაიდგას.  სამმხრივ სამიტს წინ უკრაინისა და თურქეთის პირველი პირების ორმხრივი შეხვედრა უძღვოდა, ასევე ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს გენერალურ მდივანსაც შეხვდა. გუტერეშთან საუბრის შემდეგ, ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისინი მარცვლეულის კოორდინაციის პროცესის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, ასევე ყურადღება გაამახვილა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის ბირთვული შანტაჟის საკითხზე. ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც თურქეთი ომის შემდგომ უკრაინის აღდგენაში მონაწილეობას მიიღებს. ლიდერების შეხვედრის პარალელურად ლვოვში აზოვის დამცველების ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს, განაცხადეს, რომ უკრაინას მეტი ყურადღება სჭირდება და მსოფლიომ ყველაფერი უნდა გააკეთოს აზოვის დამცველების ექსტრადირების პროცესის დასაჩქარებლად. 

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში