შსს ახალქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დაკავებისა და მისთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

25 აგვისტო 2022, 10:35 790 ნახვა

პოლიციის მიერ ახალქალაქში ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და პატიმრობა შეუფარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ახალქალაქში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ჩაატარეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, ახალქალაქში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, "ოპელის" მარკის ავტომობილის მძღოლის მიერ გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან პირადი ავტომობილით მოძრავი პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით გასროლა.

მომხდარი ფაქტის შემდეგ მძღოლი ავტომობილიანად მიიმალა.

გამოძიების ფარგლებში, მალევე მოხდა ავტომანქანის მძღოლის იდენტიფიცირება და დადგინდა, რომ "ოპელის" მარკის ავტომობილს მართავდა 1985 წელს დაბადებული ა.მ.

ზემოაღნიშნულ ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ა.მ.-ის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკისას, აღნიშნული პირი არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იქნა დაკავებული.

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ 24 აგვისტოს ა.მ. სამართალდამრღვევად ცნო და 11-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ასევე, გვსურს, გამოვეხმაუროთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ ბრიფინგს, რომელზეც პარტიის წარმომადგენელმა ისაუბრა ახალქალაქში მათი თანაპარტიელის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ, რასაც ოჯახის მიმართ განხორციელებული ტერორი და პოლიტიკური დევნა უწოდა.

აღნიშნული განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს, გამოძიების დაწყება და პოლიციის მიერ ა.მ.-ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკა ჩატარდა საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით. შესაბამისად, ვასაჯაროებთ ვიდეოს, რომელზეც ასახულია მოქალაქე ა.მ.-ის მიერ იარაღიდან სროლის ფაქტი, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება და ა.მ.-ს საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველების მიერ ჩატარდა ჩხრეკა," - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში