ვემზადებით, რომ შევუერთდეთ ერთიანი ევროგადახდის სივრცეს - ირაკლი ღარიბაშვილი

29 აგვისტო 2022, 14:39 708 ნახვა

ვემზადებით, რომ შევუერთდეთ ერთიანი ევროგადახდის სივრცეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საჭირო აღარ იქნება ევროკავშირთან გადარიცხვებისთვის საკორესპონდენტო ბანკის ან შუამავლის გამოყენება და ეს არის ძალიან პოზიტიური საკითხი ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამ მიზნით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

"მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა პოზიტიური ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ევროკავშირთან ინტეგრაციას. ვემზადებით, რომ შევუერთდეთ ერთიანი ევროგადახდის სივრცეს. ასეთი სახელწოდების არის ორგანიზაცია "SEPA", ესაა ევროკავშირის და ევროზონის ქვეყნებში საგადასახადო მომსახურების და პროვაიდერების ჰარმონიზების ჩარჩო, რომლის წევრია ევროკავშირის 27 ქვეყანა, ასევე დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, ირლანდია და ლიხტენშტეინი. ამ მიზნით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ჩართულია ეროვნული ბანკი, ეკონომიკის სამინისტრო, სხვადასხვა სამთავრობო უწყება. საქართველოს პარლამენტმა, რომელსაც დასამტკიცებლად გადაეგზავნება დღევანდელ მთავრობის სხდომაზე წარმოდგენილი სამი კანონპროექტი, უნდა დაამტკიცოს და შესაბამისი ცვლილებები ასახოს კანონმდებლობაში, რაც ასევე ძალიან პოზიტიური იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ვიტყოდი, რომ საჭირო აღარ იქნება ევროკავშირთან გადარიცხვებისთვის საკორესპონდენტო ბანკის ან შუამავლის გამოყენება და ეს არის ძალიან პოზიტიური საკითხი ჩვენი მოქალაქეებისთვის“, -  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში