"გაზპრომმა“ "ჩრდილოეთის ნაკად 1“-ით ევროპას გაზის მიწოდება შეუჩერა

31 აგვისტო 2022, 11:06 1455 ნახვა

რუსული კონცერნი "გაზპრომი" 3 დღით, 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით, გაზსადენის "ჩრდილოეთ ნაკადის" გავლით გაზის მიწოდებას შეაჩერებს.

გაზის მიწოდების შეწყვიტის მიზეზად "გაზპრომი" ერთ-ერთი სადგურის აგრეგატზე ჩასატარებელ ტექნიკურ სამუშაოებს ასახელებს.

"ჩრდილოეთის ნაკად 1“-ის მილსადენით გაზის მიწოდება სრულადაა შეწყვეტილი. კომპრესორის ბლოკში გეგმიური სარემონტო სამუშაოები იწყება“, - ნათქვამია „გაზპრომის“ განცხადებაში.

"გაზპრომმა" 11 ივლისსაც შეაჩერა ერთი ტურბინის მუშაობა, ყოველწლიური გეგმიური ტექნიკური სამუშაოების მოტივით, რითაც შეამცირა გაზის მიწოდება ევროპისთვის. 21 ივლისიდან კი კვლავ განაახლა გაზის მიწოდება დღიურად 67 მილიონი კუბური მეტრის მოცულობით. ეს რაოდენობა შეესაბამებოდა იმ მოცულობას, რაც იყო "სარემონტო სამუშაოების" დაწყებამდე, თუმცა ეს არის მილსადენის მაქსიმალური დატვირთვის მხოლოდ 40%. დანარჩენი 60%-ი რუსეთმა ჯერ კიდევ ივნისში შეაჩერა იმ მოტივით, რომ კანადიდან ვერ დაიბრუნა "Siemens" -ის ტურბინა, რომელსაც მონრეალში სარემონტო სამუშაოები უტარდებოდა.

რუსული მხარე ამბობს, რომ ეს აღჭურვილობის გაუმართაობითაა გამოწვეული, ევროპაში კი თვლიან, რომ რუსეთი ენერგორესურსებს ომის ერთ-ერთ იარაღად იყენებს, ასევე შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა მიწოდების შეწყვეტა ბუნებრივ აირზე ფასის გაზრდის მიზნით გაახანგრძლივოს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში