ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეული სურსათის 614 ნიმუშიდან დარღვევა მხოლოდ სუნელ-სანელებლების ოთხ ნიმუშში გამოვლინდა - სეს

31 აგვისტო 2022, 15:40 837 ნახვა

ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეული სურსათის 614 ნიმუშიდან დარღვევა მხოლოდ სუნელ-სანელებლების ოთხ ნიმუშში გამოვლინდა - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო ტყვიის შემცველობის კვლევას მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათში, სასმელ წყალსა და ალკოჰოლიან სასმელებში რეგულარულად ახორციელებს.

"ამ ეტაპზე, უკვე აღებული და ლაბორატორიულად გამოკვლეულია ცხოველური წარმოშობის სურსათის, მათ შორის, ჩვილისა და ადრეული ასაკის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი სურსათის 250-ზე მეტი ნიმუში, სასმელი წყლის 142 და ალკოჰოლიანი სასმელის 25 ნიმუში/სინჯი, რომელთაგან დარღვევა არცერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა.

რაც შეეხება მცენარეული წარმოშობის სურსათს, აღებული 197 ნიმუშიდან, დასაშვებ ნორმას ტყვიის შემცველობა სუნელ-სანელებლების 4 შემთხვევაში აღემატებოდა: წითელი წიწაკა დაღერღილი, ყვითელი ყვავილი (2 ნიმუში) – რეალიზატორი – ფიზიკური პირი – ნიმუშის აღების ადგილი – თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ.135 (ე.წ. დეზერტირების ბაზრის მესამე სართული-დახლთან მოვაჭრე); მშრალი აჯიკა მეგრული (1 ნიმუში) – შპს „ნთკ 2016“ – ნიმუშის აღების ადგილი – ბათუმი, მაიაკოვსკის ქ 4. ბაზრის მიმდებარე ტერიტორია;  წითელი წიწაკა (1 ნიმუში) – ფიზიკური პირი – ნიმუშის აღების ადგილი – ქობულეთი, თავისუფლების ქ. 15 (აგრარული ბაზრის ტერიტორია).

აღნიშნულთან დაკავშირებით, სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

მიმდინარე წელს, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ტყვიის შემცველობის განსაზღვრის მიზნით, დაგეგმილია როგორც ცხოველური (544), ასევე მცენარეული წარმოშობის (374) 918 ნიმუშის, სასმელი წყლის 402 და ალკოჰოლიანი სასმელის 75 ნიმუშის/სინჯის აღება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გატარებული კომპლექსური ღონისძიებების, ბიზნესოპერატორებთან რეგულარული კომუნიკაციისა და გააქტიურებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, სურსათში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობის შემთხვევები ყოველწლიურად მცირდება. 2017 წელს, სხვადასხვა დასახელების სურსათის 712 ნიმუშიდან, ნორმასთან შეუსაბამობა 97 შემთხვევაში აღინიშნა, ხოლო 2021 წელს გამოკვლეულ 500-მდე ნიმუშში, ტყვიის შემცველობა დასაშვებ ზღვარს არცერთ შემთხვევაში არ აღემატებოდა.

ტყვია არის მძიმე ლითონი, რომელიც შესაძლოა ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში საკვებისა და წყლის გზით მოხვდეს. ჭარბი რაოდენობით იგი ჯანმრთელობისთვის საზიანოა და იწვევს სხვადასხვა გართულებას. სწორედ ამიტომ, ტყვიის შემცველობა სურსათსა და წყალში დასაშვებ ზღვარს არ უნდა აღემატებოდეს", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში