ქუთაისში, მოქალაქემ საზოგადოების თავშეყრის ადგილას რუსეთის დროშა აღმართა

31 აგვისტო 2022, 14:48 927 ნახვა

ქუთაისში, ერთ-ერთმა მოქალაქემ რუსეთის დროშა საზოგადოების თავშეყრის ადგილას აღმართა. ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ოკუპანტების სიმბოლიკა რამდენიმე საათის განმავლობაში მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ფრიალებდა, მოგვიანებით, დაცვის სამსახურმა დროშა ჩამოხსნა. პარკის ადმინისტრაციას პოლიციისთვის არ მიუმართავს. მათი თქმით, შემთხვევა არასამუშაო საათებში მოხდა.

ადგილობრივები აგრესორი ქვეყნის სიმბოლოს აღმართვისთვის მოქალაქის ადმინისტრაციული წესით დასჯას მოითხოვენ.

"ქართული ოცნების" პოლიტიკის შედეგად უკვე შესაძლებელი ხდება, რომ რუსულ დროშასაც გვიფრიალებენ. ამ სამარცხვინო ფაქტზე, როგორც ვიცით, ქუთაისის მერიას არ ჰქონია არანაირი რეაგირება ამ დრომდე, თუმცა ჰქონდა რეაგირება ანტისაოკუპაციო შინაარსის შემცვლელი სტიკერების გაკვრაზე. ჩვენ დაგვაჯარიმეს მაშინ 2000 ლარით, მაგრამ ვერ ვხედავთ რეაგირებას ამ ფატზე. ეს მგონია ამ პოლიტიკის გაგრძელება"- ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" ერთ-ერთი დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი.  

მომხდარ ფაქტზე ქუთაისის მერიამ განცხადება გაავრცელა. ტექსტში ნათქვამია, რომ მერიის მუნიციპალურ ინსპექციას ჰქონდა შესაბამისი რეაგირება, მათ მოქალაქის იდენტიფიცირება შეძლეს, რომელიც კანონის შესაბამისად დაისჯება.

,,მის მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის 2 პრიმა ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს სხვადასხვა სახის წარწერის, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულებას ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე’’- ნათქვამია განცხადებაში.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში