უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

06 სექტემბერი 2022, 10:30 580 ნახვა

რუსეთის პროვოკაციის გამო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რადიაციული კატასტროფის ზღვარზე აღმოჩნდა – ამის შესახებ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ვოლოდიმირ  ზელენსკის თქმით, მან  ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებული სიტუაცია საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან განიხილა.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს უნდა გამოქვეყნდეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის მონიტორინგის დასკვნა. ზელენსკი იმედს გამოთქვამს, რომ ის ობიექტური იქნება.მისი თქმით, ვიდრე სადგურს უკრაინა აკონტროლებდა, რადიაციული კატასტროფის საფრთხე არ არსებობდა.

ზელენსკიმ ასევე სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ ოკუპანტების საწყობების, ბაზების, გადასასვლელი ხიდებისა და შტაბების განადგურებას.დღეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის  195-ე დღეა. რუსეთი აგრძელებს უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ობიექტების დაბომბვას.აფეთქების ხმა ისმოდა ქალაქ ხარკოვში.

მერის ინფორმაციით, რუსულ იერიშს 1 ადამიანი ემსხვერპლა, ქალაქის რამდენიმე უბანში ჩამოვარდნილმა რაკეტამ დააზიანა საცხოვრებელი შენობები, ერთ-ერთ სახლში კი ხანძარი გაჩნდა.

თავდასხმა იყო  ნიკოპოლზე, ღამით განხორციელებული დაბომბვებისას 2 ადამიანი მძიმედ დაშავდა, ათობით საცხოვრებელი სახლი კი დაზიანდა. გუბერნატორის თქმით, შეტევა გრადის ტიპის სარაკეტო სისტემით განხორციელდა.

რუსულმა ძალებმა კრივოი-როგში ნავთობბაზა დაბომბეს, მეხანძრეები ძლიერ ხანძარს ებრძვიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში