გაიფლანგა თუ არა ბათუმში ახალი სასაფლაოს მოსაწყობად განკუთვნილი თანხა?

08 სექტემბერი 2022, 14:57 812 ნახვა

„ანტიკორუფციული მოძრაობა“ ბათუმის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება ბათუმის მუნიციპალურ სასაფლაოს, რომელმაც 2015 წელს  სამშენებლო კომპანია „მამისონთან“ გააფორმა ხელშეკრულება, რომელსაც დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე ქალაქის  ახალი სასაფლაო უნდა მოეწყო.  ავანსად კომპანიას სამუშაოების ღირებულების 85%-ი,  2 მილიონ 844 ათასი ლარი დაერიცხა, თუმცა ლევან გორგილაძე ირწმუნება, რომ  ადგილზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ განხორციელებულა. მისივე განმარტებით,  ქალაქში კრიზისია შექმნილი და მიცვალებულის დასაკრძალად ადგილები არ არის.  „ანტიკორუფციული მოძრაობის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ კომპანიასთან, რომელმაც ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, სახელმწიფომ  კიდევ სხვა მსხვილი სატენდერო ხელშეკრულებები გააფორმა.  ბათუმის სასაფლაოების დირექტორი შექმნილ რთულ ვითარებას არ უარყოფს და აცხადებს, რომ  საგვარეულოსა და კერძო ტერიტორიების გარდა დასაკრძალი ადგილი მუნიციპალურ სასაფლაოზე ნამდვილად არ არის და ხშირად დასახმარებლად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს მიმართავენ. თუმცა ჯუმბერ კობალაძე ბრალდებებს კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით უარყოფს და აცხადებს, რომ საკითხთან დაკავშირებით  საქმეს პროკურატურა იძიებს.  მისივე განცხადებით, კომპანიამ ჩაქვში მნიშნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეასრულა, თუმცა ტერიტორია დაიმეწყრა, რის გამოც ახლა უწყება  შესრულებული სამუშაოების ხარისხს იკვლევს. ბათუმის სასაფლაოების დირექტორი აცხადებს, რომ სამხარაულის ექსპერტიზამ ტერიტორია მეწყერსაშიშ ზონად შეაფასა. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში