პროკურატურამ არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა

09 სექტემბერი 2022, 16:06 588 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 სექტემბერს, ბრალდებული 12 წლის დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ძალადობით და ძალადობის მუქარით არასრულწლოვნის გაუპატიურებას შეეცადა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 8 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურების მცდელობა, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში