გამოკითხული მოსახლეობის 75% ქვეყნის ევროკავშირში, 69% კი ნატო-ში გაწევრიანებას უჭერს მხარს - NDI

16 სექტემბერი 2022, 12:26 964 ნახვა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და "CRRC" -საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსის ერთგულია.

გამოკითხული მოსახლეობის 75 პროცენტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო გაწევრიანებაში მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლიტიკური ნების ნაკლებობას ასახელებს (25 პროცენტი).

"მსგავსი ტენდენცია მეორდება ნატო-ს მხარდაჭერის შემთხვევაშიც: ნატო-ში გაწევრიანებას მხარს 69 პროცენტი უჭერს; უმრავლესობა კი მთავარ ხელშემშლელ ფაქტორებად რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს ასახელებს. ამასთან, მოსახლეობის რეკორდული მაჩვენებელი (62 პროცენტი) ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა და მეზობლებისთვის დემოკრატიის კარგი მაგალითი (56 პროცენტი) არ არის. ახალი კვლევა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხსაც შეეხო. 23 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მოსახლეობის უმრავლესობას (62 პროცენტი) სმენია. მათი უმეტესობა (56 პროცენტი) ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი არ გააკეთა.

ევროკავშირის კანდიდატობისთვის საჭირო რეკომენდაციების შესრულება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია (71 პროცენტი), თუმცა მხოლოდ 32 პროცენტი მოელის, რომ ხელისუფლება ამ რეკომენდაციებს შეასრულებს. საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულების პროცესში ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ჩართვა მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ მესამედს სჯერა, რომ ხელისუფლება ამ პროცესში აღნიშნულ აქტორებს ჩართავს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში