პუტინის ომი უკრაინაში

16 სექტემბერი 2022, 19:55 644 ნახვა

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღე- ღამის  განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ 11 სარაკეტო და 15 საავიაციო იერიში განახორციელა. რუსმა სამხედროებმა საცხოვრებელი უბნები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბეს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით მოიგერია რუსეთის არმიის ნაწილების შეტევა ექვს დასახლებულ პუნქტში. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, სამხედროებმა ქვეყნის სამხრეთში 70 რუსი ჯარისკაცი და 27 ერთეული სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იზიუმის მახლობლად ტყეში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს, სადაც 400ზე მეტი ცხედარია. იზიუმში უამრავი საცხოვრებელი სახლია დანგრეული, რის გამოც მოსალოდნელია, რომ მსხვერპლთა რიცხვი გაცილებით მეტი იყოს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დღეისთვის ხარკოვის თითქმის მთელი ოლქი დეოკუპირებულია. „ეს იყო ჩვენი მეომრების უპრეცედენტო წინსვლა. უკრაინელებმა კვლავ მოახერხეს ის, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა“, - წერია უკრტაიანის პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ხარკოვის ოლქში რუსეთის არმია ხუთ თვეზე მეტხანს იმყოფებოდა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში