რუსეთიდან უვიზო ქვეყნებში გამგზავრების მსურველთა რაოდენობამ მკვეთრად იმატა

22 სექტემბერი 2022, 10:55 768 ნახვა

რუსეთიდან ერთი მიმართულებით ფრენები მკვეთრად  გაძვირდა და სწრაფად გაიყიდა  მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 300 ათასი  რეზერვისტის მობილიზაციის შესახებ განკარგულება გამოსცა.

პუტინის გადაწყვეტილებამ, რომელიც მან  დილის სატელევიზიო მიმართვაში გააჟღერა, მოსახლეობაში შიში და პანიკა გააჩინა იმისა, რომ ბრძოლისუნარიან მამაკაცებს  ქვეყნის დატოვების უფლებას აღარ მისცემდნენ. დაიკეტება თუ არა საზღვრები იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მობილიზაციას ექვემდებარებიან, კრემლში ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ აქვთ.

გუგლ-თრენდის ვებ-გვერდის მონაცემებით, რუსეთში ავიაბილეთების დაჯავშნის ყველაზე პოპულარულ საიტ - ავიასეილზე მოსკოვიდან სტამბოლისა და ერევნის მიმართულებით პირდაპირი  ფრენები  სრულად დაიჯავშნა. დუბაის მიმართულებით ყველაზე იაფი ავიაბილეთის ფასი 300 ათასი რუბლი გახდა, რაც  რუსეთის მოქალაქის საშუალო თვიურ ხელფასს  ხუთჯერ აღემატება. თურქეთში ერთი მიმართულებით მგზავრობის ღირებულება  70 ათას რუბლამდე გაიზარდა, როცა იგივე მიმართულებით მგზავრობა  ერთი კვირის წინ  მხოლოდ 22 ათასი რუბლი იყო.  

რუსეთის ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ რუსეთიდან უვიზო ქვეყნებისკენ ავიაბილეთებზე მოთხოვნა გაიზარდა და, რომ საზღვარგარეთ მოგზაურობაზე შეზღუდვები ჯერ არ დაწესებულა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში