ქუთაისში, "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელისთვის ბრალი ამ დრომდე არ წარუდგენიათ

22 სექტემბერი 2022, 14:49 873 ნახვა

ქუთაისში, “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელისთვის ბრალი ამ დრომდე არ წარუდგენიათ. გრიგოლ ნარსია წინასწარი დაკავების იზოლატორში სახელმწიფო ბრალდებას დღეს ელოდება.

დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ნარსია რთულ მდგომარეობაშია. მისივე თქმით, დაცვის მხარე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიებად იმას შესთავაზებს, რაც დაკავებულის ინიციატივა იქნება.

“ძალიან სავალალო, რთულ მდგომარეობაშია. დღეს ჩემი ინიციატივით ვარ მოსული, რომ მას შევხდე და გარკვეულ საკითხებზე შევთანხმდეთ. რაც შეეხება აღკვეთი ღონისძიების დაყენების საკითხს, თუ რა სახის აღკვეთ ღონისძიებას შევთავაზებთ ჩვენ სასამართლოს, ალბათ, ამასაც დაკავებული პირის ინიციატივით და მასთან შეთანხმებით გავაკეთებთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია არის თუ არა ჯანმრთელობის, სამედიცინო ექსპერტიზა დანიშნული მის დაზიანებასთან დაკავშირებით და გასარკვევია იყო თუ არა აუცილებელი დაზიანებების მიყენება, რომლებიც ფიზიკურად აღიქმება”, - განაცხადა ადვოკატმა.

თავდამსხმელის ადვოკატი არ გამორიცხავს, ჩატარდეს ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რათა დადგინდეს რამდენად მდგრადია მისი ფსიქიკური მდგომარეობა. ადვოკატმა არ გამორიცხა სასამართლოზე მოწმის სახით შს მინისტრის მოადგილის დაბარებაც, რომელიც “აყვანის” პროცესს ესწრებოდა.

პარალელურად იმერეთის სამხარეო პოლიციაში რამდენიმე დღის წინ ბანკში მძევლად მყოფი ადამიანების დაბარება დღესაც გრძელდება. რამდენიმე მათგანი საგამოძიებო ორგანოში უკვე მესამედ გამოცხადდა. სავარაუდოდ მათ ხელს გაუთქმელობის დოკუმენტზე მოაწერიებენ.

37 წლის გიგა ნარსია ქუთაისში 20 სექტემბერს “საქართველოს ბანკში” შეიჭრა და მძევლები აიყვანა. სპეცოპერაცია დაახლოებით 9 საათის განმავლობაში მომდინარეობდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება), 323-ე (ტერორისტული აქტი) და 329-ე (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) მუხლებით მიმდინარეობს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში