პუტინმა უკრაინის რეგიონების ანექსიის ხელშეკრულებები "რატიფიკაციისთვის" სახელმწიფო დუმას წარუდგინა

03 ოქტომბერი 2022, 10:03 480 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს "რატიფიკაციისთვის“ წარუდგინა ოთხი ხელშეკრულება რუსეთთან ოთხი ახალი რეგიონის შეერთების შესახებ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ე.წ. „საერთაშორისო ხელშეკრულებები“, სხვა საკითხებთან ერთად, აზუსტებს ახალი რეგიონების „საზღვრებს“. დოკუმენტების თანახმად, „ორი რესპუბლიკისა და ორი რეგიონის საზღვრები განისაზღვრება საზღვრებით, რომელიც არსებობდა მათი დაარსების დღეს და რუსეთთან შეერთების დღეს“.

კანონპროექტებში ნათქვამია, რომ 2023 წლის 1 ივნისამდე "ახალ რესპუბლიკებსა" და ოლქებში ჩამოყალიბდება აღმასრულებელი ტერიტორიული ორგანოები, მიმოქცევაში იქნება რუბლი თუმცა 31 დეკემბრამდე დაშვებული იქნება უკრაინული გრივნას მოხმარებაც. ასევე "ახალი რესპუბლიკების" შეიარაღებული ძალები რუსეთის არმიას შეუერთდება.

3 ოქტომბერს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ ხელშეკრულებები კონსტიტუციურად აღიარა.

30 სექტემბერს კრემლში ოთხ დოკუმენტს ხელი მოაწერეს ვლადიმერ პუტინმა და საოკუპაციო ტერიტორიების ე.წ. ხელმძღვანელებმა. საუბარია უკრაინის ოთხი რეგიონის: ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ანექსიიაზე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში