სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს წინადადებებით მიმართა

04 ოქტომბერი 2022, 13:42 586 ნახვა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, საქართველოს პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობს, რომელიც ევროკომისიის 12 პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების გაძლიერებისა და მათი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით, განსაზღვრულ საკითხებზე მუშაობს.

უწყებაში განმარტავენ, რომ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სამსახურს შესაძლებლობა მიეცა, ევროკომისიის რეკომენდაციების ეფექტიანი შესრულების მიზნით, წარედგინა საკუთარი მოსაზრებები. სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე, საგამოძიებო ორგანოს გაძლიერებისა და მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად, ევროკომისიის რეკომენდაციის ფარგლებში, სამსახურმა შემდეგი წინადადებები შეიმუშავა:

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე გახდეს ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დარღვევის ფაქტების გამოძიება, რაც სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას წარმატებით შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება, სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების აღსაკვეთად და დროულად გამოსაძიებლად, ეფექტური და დამოუკიდებელი გამოძიება აწარმოოს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე გახდეს არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების პროცესში გამოვლენილი ისეთი დანაშაულების გამოძიება, რომელიც სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო მტკიცებულებების განადგურების, უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბის შემთხვევებს უკავშირდება (სსკ-ის 147-ე, 332-ე, 333-ე, 341-ე და 3691-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები).

აღნიშნული ცვლილება უფრო მეტად გააძლიერებს და დამოუკიდებელს გახდის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელსაც მიეცემა შესაძლებლობა არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების პროცესში მის მიერვე გამოვლენილი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი ზემოთ მითითებული დანაშაულები, ნაცვლად სხვა უწყებაში გადაგზავნისა, თავად გამოიძიოს და გაზარდოს საგამოძიებო პროცესის ეფექტურობა.

ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს თავიდან განისაზღვროს და ხელახლა ჩამოყალიბდეს სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა და გამოსაძიებლად გადაეცეს სისხლის სამართლის კოდექსის მხოლოდ ის მუხლები, რომელიც სამსახურის მიზნებთან, გამოწვევებთან და რესურსებთან თანხვედრაში იქნება.

მნიშვნელოვანია, კანონმდებლობით დარეგულირდეს პროცედურა, რომლის საფუძველზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი უფლებამოსილი იქნება, საქმიანობის/ანგარიშის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების განხილვის მოთხოვნით, საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტს მიმართოს;

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ შემუშავებული და პარლამენტისთვის წარდგენილი წინადადებები ასევე საკანონმდებლო ცვლილებებსაც ითვალისწინებს, რამაც სამსახურის ფინანსური და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტიების გაფართოება უნდა უზრუნველყოს.

სამსახურმა აღნიშნული წინადადებებით საქართველოს პარლამენტს უკვე მიმართა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების, მათ შორის, წარმოდგენილი წინადადებების განხილვის პროცესში, საქართველოს პარლამენტთან, უფლებადამცველ ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან აქტიურად თანამშრომლობას გეგმავს"- აცხადებენ უწყებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში