"ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გასვლითი სასამართლო სხდომა ვერ ჩატარდა

04 ოქტომბერი 2022, 17:24 606 ნახვა

"ვივამედში” საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.

როგორც საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განმარტა, პალატაში შესვლის შემდეგ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მათთან სასაუბრო არაფერი აქვს.

"კლინიკაში მოსვლის შემდეგ ადვოკატმა სააკაშვილთან კონსულტაციის შემდეგ განაცხადა, რომ მას ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა და არ შეუძლია ჩვენების მიცემა. როდესაც შევედით პალატაში, სასამართლოს შეკითხვაზე აძლევდა თუ არა ჩვენებას, სააკაშვილმა განმარტა „თქვენთან სასაუბრო არაფერი არ მაქვს, არც ექიმთან კონსულტაციამდე და არც მისი კონსულტაციის შემდეგ''-ო. მოცემულ შემთხვევაში, ვფიქრობთ დაფიქსირდა, რომ სააკაშვილს არ სურს ჩვენების მიცემა", - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

ადვოკატ შოთა თუთბერიძის განმარტებით, მოხდა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება - სამედიცინო კრიზი, წნევის მკაფიო ცვალებადობა, რის გამოც გახდა ცუდად და საჭირო გახდა სამედიცინო ჩარევა. 

"ამ დროს ძალიან მაღალია რისკი, რომ ჯანმრთელობის მოულოდნელი გართულება მოხდეს და დადგეს ფატალური შედეგი. რაც პროკურორმა განაცხადა არის ტყუილი, ეს რომ ტყუილი არ ყოფილიყო, სასამართლო სააკაშვილის გარეშე ჩატარდებოდა. თუ პროცესის მონაწილე უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე, ეს სასამართლოს შეფერხებას არ იწვევს. რეალურად, პროკურატურა და სასამართლო შეუვარდნენ მესამე პრეზიდენტს, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არის მწოლიარე მდგომარეობაში”, - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

 

დღეს ცნობილი გახდა, რომ გასვლითი სხდომის ჩატარების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა.  პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ კლინიკიდან მიიღეს ცნობა, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილს სისუსტე კვლავ აღენიშნება, თუმცა, მედიკოსები რეკომენდაციას გასცემენ, რომ მათი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფილ პრეზიდენტს ჩვენების მიცემა შეუძლია.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში