უკრაინაში განგაშის სიგნალი არ წყდება, ხდება რაკეტებით თავდასხმა, ოკუპანტები ჩვენი ქვეყნის განადგურებას ცდილობენ - ზელენსკი

10 ოქტომბერი 2022, 11:10 813 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის ქალაქებზე, დღეს დილით განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება.

მისივე თქმით, რუსეთი უკრაინის განადგურებას ცდილობს.

"ისინი ცდილობენ ჩვენს განადგურებას და ჩვენს აღგვას პირისაგან მიწისა. ანადგურებენ ჩვენ ხალხს, რომლებსაც ზაპოროჟიეში სახლებში სძინავთ, კლავენ ადამიანებს, რომლებიც სამუშაოდ მიდიან დნიპროსა და კიევში. უკრაინაში განგაშის სიგნალი არ ცხრება. რაკეტებით თავდასხმა ხდება. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები. გთხოვთ, არ დატოვოთ თავშესაფრები. იზრუნეთ საკუთარ თავზე და თქვენს ახლობლებზე“, - აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ ოფიციალურად აღიარების აუცილებლობას ყველა დონეზე და აღნიშნა, რომ ტერორიზმი არავინ უნდა დააფინანსოს.

"რუსეთი უნდა დაისაჯოს ტერორისთვის. მხოლოდ ეს უზრუნველყოფს, რომ დაპირისპირება არ გაიზარდოს და კიდევ უფრო მასშტაბური არ გახდეს, არ გავრცელდეს სხვა ქვეყნებში. მაგრამ ამისთვის ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მაქსიმალური ერთიანობა – მსოფლიოს ყველა ხალხის ერთიანობა, ვინც აფასებს მშვიდობას, პატივს სცემს ყველას სიცოცხლის უფლებას და საკმარისად პატიოსანია აღიაროს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მუდმივი ტერორი არის რუსეთის აშკარა უარი რეალურ მოლაპარაკებებზე. ჩვენ გვჭირდება მკაფიო დაგმობა რუსეთის ყველა ესკალაციური ნაბიჯის ყველა დონეზე. ტერორისტული თავდასხმებიდან ჩვენი ტერიტორიის ანექსიის დანაშაულებრივ მცდელობამდე. შესაბამის რეზოლუციას გაერო-ს გენერალური ასამბლეა განიხილავს. კენჭისყრით დავინახავთ, ვინ და როგორ ექცევა სინამდვილეში ტერორისტებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღეს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს.   უკრაინული მედია ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ კიევის ცენტრში აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულები. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში